Thursday, November 7, 2013

გალი

ასე ეწოდება კავკასიაში ტერიტორიას ენგურსა და ღალიძგას შორის. სიტყვის ძირი არც გალთა ტომებს უკავშირდება, არც გალილეო გალილეის და არც ბუტროს ბუტროსგალის. ბედის ირონიამ გალელთა ბედი (ისე როგორც აფხაზეთის) ისტორიულად რუსებს დაუკავშირა, რის შედეგადაც ერთი უშუალო კოლხური სიტყვა „ღალი“ (პატარა მდინარე მეგრულ ენაზე) გალად აქცია მურზაყანის სამშობლოში. მანამდე მას სამურზაყანო ერქვა. გალელთა დიდი წინაპრის, მურზაყანისადმი მოწიწებისა და თაყვანისცემის გამოსახატავად.

გალის რაიონი, ყოფილი სამურზაყანო, აფხაზეთის ისტორიული ნაწილია, რომელიც ყველა დროის ძნელბედობის ჟამსაც იყო და არის ქართული ცნობიერების ფორპოსტი, ქართული სულის უძლეველობის ფუნდამეტი და გარანტი. აფხაზეთის ისტორიაში ბოლო ორი საუკუნის მანძილზე გალელების გადამწყვეტი სიტყვა ისმოდა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტისას და დღესაც, როცა გალს ოკუპირებული ჰქვია, მაინც განსაკუთრებულია მისი როლი და დანიშნულება კონფლიქტის ორივე მხარისათვის. ისტორიულ წარსულს თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ სამურზაყანოელებმა პირველებმა აღიმაღლეს ხმა მახაჯირობის წინააღმდეგ. სამურზაყანოელებმა დაარწმუნეს რუსეთის მეფისნაცვალი სამურზაყანოს საბოქაულოს ცენტრში, ოქუმში, აფხაზეთში პირველი ქართულ-რუსული სკოლა გაეხსნათ.
მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში სამურზაყანოს არისტოკრატია ასრულებდა დომინანტის როლს აფხაზეთის მმართველ სტრუქტურებში და ქმნიდა ჯანსაღ პოლიტიკურ კლიმატს აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ურთიერთობაში. სამურზაყანოს ეს უნიკალური ფენომენი - ქართულ-აფხაზური მყარი კავშირები, კარგად გათვალეს იმათ, ვინც ადგენდა აფხაზეთის დედასაქართველოდან მოწყვეტის გეგმებს და ჯერ კიდევ 1841 წელს სამურზაყანო ჩამოაცილეს აფხაზეთს და რუსეთის საპროტექტორო ტერიტორიად გამოაცხადეს. მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ხუთი  დასახლებული პუნქტი, მათ შორის ბედია და მოქვი ჩამოაშორეს სამურზაყანოს და ფაქტიურად „გაააფსუეს“.
ასი წლის წინათ დიდი ქართველი პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი "ბუნების კარში" წერდა, რომ ბევრმა ქართველმა შესაძლებელია არ იცის, სად მდებარეობს სამურზაყანო. ახლა კი სამურზაყანო, გალის რაიონი, მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, რადგან ის მდებარეობს ქართულ - აფხაზური კონფლიქტის ზონაში, ენგურის პირას, სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის.
2004 წელს, კონფლიქტის შემდგომ, ენგურის ვარდნილჰესების მიღმა ტერიტორია სოხუმის რეჟიმმა ჩამოაცილა გალის რაიონს და ერთი ნაწილი ოჩამჩირეს შეუერთა, მეორე ნაწილისგან ტყვარჩელის რაიონი შექმნა. მურზაყანის შთამომავლებში ქართული სულის ჩაკვლას ემსახურებოდა კონფლიქტის შემდგომ პერიოდში ის მასიური ხოცვა-ჟლეტა გალის რაიონში, ჩატარებულ ეთნოწმენდას (1993-1998) რომ სდევდა თან.
... და მაინც დღესაც დგას ფეხზე ამაყად შეუგინებელი ლეჩაქით, მურზაყანის გენის გაგრძელების მტკიცე ნებით, სამურზაყანოს ახლანდელი ცენტრი - გალი, ყოველი გალელის სულის საოცნებო კუნძული. კუნძული, რომელმაც 1993 წლიდან დღემდე  ყოველი წამი ჩვენზე ზრუნვასა და სიყვარულს რომ შეალია.“
ბლოგის „გაიცანით ჩემი რაიონის-“ შექმნის მიზანი მონატრებაა, ტკივილია, დაფასებაა ყოველივე იმისა, რაც მარადიულია, რაც გაუხუნარია, რაც ჟამთა სვლას არ ემორჩილება, ამას სამურზაყანოში ოდაბადეს (სამკვიდროს) უწოდებენ. ოდაბადეში დაბრუნების  სურვილი რომ არ გაუქრეს 20 წლის წინათ იძულებით აყრილთა შთამომავლებს, შეიცნონ საიდან მოდიან, „ვისი გორისანი არიან“, - არის ერთადერთი მიზანი გვერდის შექმნისა და ვეპატიჟებით ყველა გალელს, მოგვაწოდონ ინფორმაცია გალსა და გალელებზე, მის წარსულსა და დღევანდელობაზე, რამეთუ „აწყმო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“. გვერდის შემქმნელთა კრედოა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო.“
სურვილი, გაგაცნოთ ჩვენი რაიონი, უკიდეგანოა, მაგრამ სამწუხაროდ დევნილობაში თუმც ბევრი ვეძიეთ, ინტერნეტსივრცეში თანმიმდევრული, ერთად თავმოყრილი ინფორმაციის მოპოვება გაგვიჭირდა ჩვენს ოდაბადეზე, მაგრამ გვჯერა ის არსებობს. არსებობს იქ, სადაც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება, არსებობს აქ, ენგურს გამოღმაც, სამურზაყანოდან იძულებით აყრილთა ხსოვნაში, ამიტომაც ადვილი წარმოსადგენია, რამდენად კარგი საქმე წამოგვაწყებინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკისა და პროგრამების სამმართველომ სასკოლო ბლოგების ამ კონკურსით.
მაშ ასე, ველოდებით თქვენს გამოხმაურებას თანამემამულენო! ერთად შევქმნათ გალის რაიონის ელექტრონული ისტორია!
აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის უფროსკლასელთა ჯგუფი.

ბუნება
გალის რაიონი მდებარეობს აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე. რაიონს ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ოჩამჩირის რაიონი, აღმოსავლეთით-წალენჯიხის რაიონი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ზუგდიდის რაიონი, სამხრეთ-დასავლეთით კი ზღვა. ტერიტორია შეადგენს 1003 კვ კმ-. გალის რაიონი 1917 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოლქში, 1917-1925 წლამდე მას სამურზაყანოს მაზარა ეწოდებოდა, 1925-1929 წლებში-გალის მაზარა, ხოლო 1929 წლიდან-გალის რაიონი. დღევანდელი გალის რაიონი მოიცავს მთელ სამურზაყანოს ენგურსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. გალის რაიონში შედის ერთი საქალაქო და 24 სასოფლო საბჭო 90 სოფლით: აჩიგვარა , მეორე ბედია, გუდავა, დიხაზურგა, ზემო ბარღები, თაგილონი, ლეკუხონა, მზიური, მუხური, ნაბაკევი, ოტობაია, ოქუმი, პირველი გალი, რეჩხი-ცხირი, საბერიო, სიდა, ფიჩორი, ქვემო ბარღები, ღუმურიში, ჩხორთოლი, წარჩე, ჭუბურხინჯი.
ოროგრაფია
რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მთიანია. სამხრეთი მხარის ჩრდილო დასავლეთით მდებარეობს ქედი რეკიშხა, მისი ჩრდილო-აღმოსავლეთით მთა ჟეკიშხა, უფრო აღმო სავლეთით მთა ანარა, ანარას სამხრეთ-აღმოსავლეთით მთა აშთა, ოხაჩქუეს ქედის სამხრეთით არის მასივი გვალაია- პატარა ოფუჯე. სამხრეთისაკენ რელიეფი თანდათანობით დაბლდება და იქ, სადაც დასახლებული პუნქტები იწყება და მთავრდება წინა მთების ზოლი. სოფლები: ჩხორთოლი, წარჩე, ოქუმი, აჩიგვარა, პირველი გალი და ასე შემდეგ. ხოლო დაბლობის ზონის სოფლებია: თაგილონი, სიდა, ნაბაკევი, ოტობაია, ფიჩორი, განახლება, ქვემო ბარღები, ზემო ბარღები, რეფი, შეშელეთი, გუდავა. გალის რაიონში ზღვისპირა დაბლობები ზღვისკენ თადათანობით დაბლდება ზღვის დონიდან, 100-80 მეტრიდან 0 მეტრამდე. აქვე აღსანიშნავია, რომ ქართველი გეომორფოლოგები სამურზაყანოს დაბლობში გულისხმობენ არამარტო გალის რაიონს, არამედ-ზღვისპირა დაბლობს თითქმის ქალაქ სოხუმამდე.
გეოლოგიური აგებულება
გალის რაიონის გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობენ: იურული, ცარცული, მესამეული და მეოთხეული ასაკის ნალექები, დანალექი და ვულკანოგენური ქანები. რაიონში უძველესი ნალექებია მდინარეების ოქუმისა და ოკალმახეს სათავეებთან. ოქუმის ანტიკლინის თაღურ ნაწილში გვხვდება ზედა ლიასური (სორის წყების ქვედა ნაწილი) არკოზული ქვიშაქვები, თიხა-ფიქლები და არგილიტები. ოქუმის ანტიკლინის სამხრეთ ფრთაზე სორის წყების ქვედა ნაწილი მსხვილი და უხეშმარცვლოვანი, სქელშრეებრივი პსამიტურ-პსეფიტური მასალითაა წარმოდგენილი, ჩრდილო ნაწილში კი-ქვიშაქვიან-ფიქლებრივი ფაციესით. მდინარე ოკალმახეს აუზში წყების ქვედა ნაწილის აგებულებაში მონაწილეობენ მარცვლოვანი ქარსიანი ქვიშაქვები, წყების ზედა ნაწილში გვაქვს თიხიანი და მოყვითალო-ნაცრისფერი. ცარცული სისტემა; ბაიოსურ პორფირიტულ წყებასა და ზედა იურულ ნალექებს სამხრეთით ვიწრო ზოლად მიუყვება ტრანსგრესიულად განლაგებული ქვედა ცარცული ნალექები, წარმოდგენილი კირქვებით, დოლომიტიანი კირქვებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით. ცარცული ნალექებიდან გალის რაიონში ყველაზე დიდი გავრცელებით, ბარემული კირქვები სარგებლობს. განსაკუთრებით ოისირესა და ოხაჩქუეს ქედებზე, სადაც ბარემი წარმოგდენილია ქვედა ნაწილში, მოყვითალო-ნაცრისფერი შრეებრივი კირქვებით, რომლებიც ზევით იცვლება, ნაცრისფერი მასიური მარცვლოვანი კირქვებით. გალის რაიონში ტურონულ-კონიაკური ნალექები სამ ნაწილად იყოფა: ქვედა ნაწილში გვაქვს, ნაცრისფერი, შუა ნაწილში ღია ნაცრისფერი, მოთეთრო და ხშირად ვარდისფერი, მკვრივი, სქელშრეებრივი კაჟიანი კირქვები, ხოლო ჭრილის ზედა ნაწილში გვაქვს ვაედისფერი სქელშრეებრივი მკვრივი კირქვები, მეგრლოვანი თეთრი კირქვები. პალეოგენი; გალის რაიონის გორაკ-ბორცვიანი ზონა მესამეული ნალექებითაა აგებული. პალეოგენური კირქვები და მეგრელოვანი კირქვები სამხრეთისკენ ვიქრო ზოლად მიუყვება ზედა ცარცულ ნალექებს. მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეზე დანიური კირქვები თანდათანობით იფარება კირქვიან-მერგელოვანი წყებით, რომლის ქვედა ნაწილში გვაქვს ნაცრისფერი მარცვლოვანი კირქვები, ხოლო ზედა ნაწილში-ისევ ნაცრისფერი თხელშრეებრივი მერგელოვანი კირქვები. ნეოგენი; მიოცენი ძირითადად გავრცელებულია ვაკე-ბორცვიან ზონაში. კოწახურის ჰორიზონტი ოქუმის ხეობაში წარმოდგენილია თიხებითა და ქვიშაქვებით. კარაგანული ჰორიზონტი ენგურის მარჯვენა მხარეზე ლითოლოგიური ნიშნებით ორ ნაწილად იყოფა; ქვედა ნაწილში გვაქვს მოლურჯო-ნაცრისფერი თიხიანი ქვიშაქვების მორიგეობა ქვიშიან თიხებთან, ალაგ-ალაგ გვხვდება კარბონატული ქვიშაქვები. კლიოცენი; მეოტური ქვიშაქვები, ქვიშიანი თიხები, კონგლომერატები გვხვდება მდ. ერისწყლის, წარჩის აუზებში. პონტური გვხვდება მდ. ოქუმის ხეობაში. იგი ტრანსგრესიულად ფარავს ქვევით მდებარე ნალექებს. პონტური წარმოდგენილია კონგლომერატებით, მსხვილ- მარცვლოვანი ქვიშაქვებით, ნაცრისფერი და მოლურჯო-ნაცრისფერი თიხებით, ხოლო უფრო ზევით გვხვდება მერგელოვანი თიხები და ფხვიერი ქვიშაქვები. მეოთხეული ნალექები; გალის რაიონის ტერიტორიის მეტი ნაწილი, განსაკუთრებით მთავარი გზატკეცილის სამხრეთი, მეოთხეული ნალექებითაა დაფარული. სათანჯოს ანტი-კლინის დასავლეთით-ჭუბურხინჯისა და მზიურ ტერიორიებზე დიდი გავრცელებით სარგებლობს ქვედა (ადრეული) მეოთხეული ნალექების ჩაუდური შრეები: კონგლომერატები და ქვიშები. შუა მეოთხეული ნალექებითაა დაფარული სოფლების: მზიურის, ხუმუშქურის, სიდას, თაგილონის, ზემო-ბარღების ტერიტორიების მეტი ნაწილი.
გეომორფოლოგია
ალის რაიონის ტერიტორიის გეომორფოლოგიური დახასიათებისას მიზნად ვისახავთ ამ ტერიტორიის ცალკეული ნაწილის რელიეფის თავისებურებანის აღნიშვნას, რელიეფის ფორმები, რომელიც დამოკიდებული მხარის გეოლოგიურ აგებულებაზე, შემადგენელი ქანების ლითოლოგიაზე, ტექტონიკასა და დენუდაციურ პროცესებზე. რაიონის მორფოლოგიის ელემენტები განისაზღვრება ძირითადად ქანების ლითოლოგიით. პირველ ზონაში რელიეფის ფორმის მიხედვით შეიძლება გამოიყოს: 1. ზედა ლიასური ფიქლებისა და ქვიშაქვების გავრცელების ქვეზონა და 2. ბაიოსური პორფიიტული წყების გავრცელების ქვეზონა. ქვეზონა მთიან-ხეობიანი რელიეფის მხარე; სიმაღლე კი 1000-დან 2000-2500 მეტრამდე აღწევს. ბაიოსური პორფირიტული წყების გავრცელების ქვეზონა, ესაა ბაიოსის დანაოჭებული ვულკანოგენური წყების ფუძეზე აგებული მაალმთიანი კლდოვანი რელიეფის ქვეზონა. იგი გამოირჩევა მკვეთრი რელიეფით. გეომორფოლოგები კოლხეთის დაბლობის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს მდ. ენგურიდან . სოხუმამდე, როგორც აღინიშნა, „ სამურზაყანოსდაბლობს უწოდებენ. სახელწოდება სამურ-ზაყანო, ნასესხებია ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციიდან და აქ გამოყენებულია უფრო დიდი სივრცისათვის, რადგან ისტორიული სამურზაყანო მდინარე ღალიძგასთან თავდება, სამურზაყანოს დაბლობებში კი ჩვენ მხოლოდ ამ ტერიტორიას ვგულისხმობთ. სამურზაყანოს დაბლობი არის ვრცელი, ბრტყელი, ზღვისკენ სუსტად დახრილი ვაკე .. 80-100. სიმაღლემდე. შუა მეოთხეული ასაკის მეოთხე და მეხუთე ჭალისზედა ტერასებს, სუსტად შეცემენტებული რიყნარითა და ქვიშებით, თიხებისა და თიხამიწების შუა შრეებით უკავია სამურზაყანოს დაბლობის აღმოსავლეთი ნაწილის, თაგილონის, სიდას, ზემო-ბარღების, ხუმუშქურის ტერიტორიები. ნაწილობრივ სოფელ მუხურის ტერიტორიაც. დაბლობის ზედაპირი დასერილია მრავალრიცხოვანი მდინარეებით, ისინი შესართავთან ქმნიან განტოტებებს.
წიაღისეული
რაიონში არის მეტნაკლებად შესწავლილი და პერსპექტიული წიაღისეული, ძირითადად არამადნეული სასარგებლო ნამარხები. ბარატის ოქუმის საბადო მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარის ხეობაში, მენჯიში სუკთან ახლოს, გალის ჩრდილო-დასავლეთით 19 კმ-ზე. მდინარე ოქუმის ხეობაში მდინარის ორივე ნაპირზე ცნობილია თაბაშირის საბადო. თაბაშირის ფენები დაკავშირებულია ზედა იურული ფერადი წყების ზედა ჰორიზონტთან, სადაც ურთიერთმორიგეობაშია თიხები, წითელი, მურა და მომწვანო-ნაცრისფერი ქვიშაქვებით. ოცარცეში გვაქვს ცარცის ბუდობი. იგი გალის საბადოს სახელწოდებითაა ცნობილი, მდებარეობს მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე. აქ გვაქვს ზედა ცარცული კირქვების გამოფიტვის ზონა. CaCo მაღალი შემცვლელობა. კირქვების გარდა მთისძირა ფლებში დიდი რაოდენობით გვხვდება საცემეტე ნედლეული მერგელი, ესაა ეოცენური ასაკის მომწვანო-ნაცრისფერი, სქელშრეებრივი და ფიქლებრივი ქანი მერგელი (მეგრულად ტკილი) გამოყენებულია ფლის მეურნეობაში ნიადაგების მოტკილიანებისათვის. ბებეისრის ტბა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთით აკრავს საკმაოდ ვრცელი სფაგნიუმიანი ჭაობი, ქვედა ფენებში ტორფის მნიშვნელოვანი მარაგით. რაიონში გვაქვს მინერალური წყლების გამოსავლები. 1940 წელს ოქუმის ხეობაში მენჯის სუკთან აღმოჩნდა ქლორ-კალციუმიანი მინერალური წყალი. ცნობილია აგრეთვე გოგირდწყალბადიანი მინერალური წყლები, ძირითადად, მდინარე ერისწყლის ხეობაში სოფელ რეჩხი-ცხირის ტერიტორიაზე. მდინარე რეჩხის გასწვრივ 5კმ-ის მანძილზე 6 ადგილას არის ცნობილი მიოცენური ნალექები და გოგირდწყალბადოვანი წყლის გამოსავალი.
კლიმატი
გალის რაიონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, მაგრამ რელიეფთა, გეოგრაფიულ მდებარეობასთან დაკავშირებით შეიძლება გავარჩიოთ დაბლობი და მთიანი ზონები, სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული იცის, მთიან ზონაში -ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. თვეების მიხედვით ნალექების სიმცირე აღინიშნება მაისსა და ნოემბერში, მაქსიმუმი-ივნისსა და ივლისში. ჰაერის ფარდობითი ტენიანობის საშუალო წლიური რაოდენობა უდრის 79%-. მაქსიმუმს აღწევს ზაფხულის თვეებში (84%-).

მდინარეები და ტბები
გალის რაიონში ზე მეტი დიდი და პატარა მდინარეა, თუ მცირე ზომის უსახელო ღელეებსაც ჩავთვლით, მაშინ მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულს მიაღწევს. მდინარეთა ქსელის ასეთი სიხშირე ატმოსფერული ნალექების სიუხვით აიხსნება მდინარეები სათავეს ღებულობენ წინა მთების ზონაში, ზოგჯერ დაბლობ ზონაში ისინი ან უფრო დიდ მდინარეთა შენაკადებია, ან უშუალოდ უერთდებიან ზღვას. გალის რაიონის მდინარეები შეიძლება ორ ძირიად ტბად გაიყოს ტრანზიტული, რომელნიც სათავეს იღებენ მთების სამხრეთით (ენგური, ერისწყალი, ოქუმის წყალი, ოხოჯე წარჩე) და ადგილობრივი, რომელთა სათავე მდებარეობს დაბლობის ფარგლებში (გაგიდა, ხუმუშქური, ოჯოღორე, ქირი და სხვ.) ტრანზიტული მდინარეები ხეობის ზემო ნაწილებში მთის თუ მთისწინა ზონაში ავითარებენ ეროზიულ მომედებას, დაშლილი მასალა გადააქვთ დაბლობ ონაში. სამურზაყანოს მდინარეები ძირითადად ატმოსფერული ნალექებით იკვებებიან; ტრანზიტული მდინარეებში წყალდიდობა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ამ შემთხვევაში თოვლის დნობას ემაება სხვა ატმოსფერული ნალექები (წვიმის წყალი) წყალდიდობა შეიძლება გაგრძელდეს ივნისამდე. ივნისში მდინარის დონე ეცემა და აგვისტოში დგება წყლის სიმცირის პერიოდი. წყალმოვარდნა კი ჩვეულებრივ ატმოსფერული ნალექების სიუხვეს ახლავს.
ენგური კავკასიის ერთ ერთი უსწრაფესი მდინარეა, სათავე აქვს სვანეთში, მყინვარ ენგურზე .. 2614, სოფელ ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. ენგურის სიგრძე 212 კმ-ია და ის საკმაოდ წყალუხვი მდინარეა ამავდროულად ის ძალიან ჩქარიცაა და სიღრმეში მოათრევს ლოდებს. რამდენად დინჯია ენგური როცა ზღვას უახლოვდება, ის სვანეთში ძალიან ჩქარია ხოლო აქეთ აქეთ უფრო დიდება კალაპოტი და უფრო ნელია, ჯვეარის კლდეებიდან გადმოსული ენგური თანდათანობით დინჯდება და ზღვისკენ უფრო ნელა მიედინება. ენგური არა მარტო სვანეთის სამეგრელოს, სამურზაყანოს მდინარეცაა. იგი ჩაუვლის გალის რაიონის ულამაზეს სოფლებს: ლეკუხონას, საბერიოს, დიხაზურგას, ჭუბურხინჯს, თაგილონს, ნაბაკევს, ოტობაიას ენგურის ყალი რწყავს ველ-მინდვრებს. გალის რაიონის ტერიტორიაზე მიედინება იგი. აძლევს ძალას ელექტროსადგურებს, ქმნის დიდ ტბას გალის ზღვას და გუდავასთან უერთდება შავ ზღვას. ასე რომ, ამჟამად მდინარე ენგურს ორი შესართავი აქვს - ანაკლიასან და გუდავასთან.
ენგურის შემდეგ გალის რაიონში ყველაზე დიდი მდინარეა ოქუმის წყალი. მაღალ მთებში პატარა ღელეები უერდებიან და ქვემოთ მოედინებიან ოქუმის სახელწოდებით. არაშკვარას სათავე ჟეპიშხას მთის სამხრეთ აღმოსავლე კალთაზე აქვს, დანარჩენ ორს ანარას მთის სამხრეთ ფერდობზე. მდინარე სათავეს იღებს ზედა ლიასური ფიქლებისა და ქვიშაქების წყებაში. სათავეებთან კალაპოტი საკმაოდ ფართოა, შუა იურულ ვულკანოგენური წყების გავრცელების ზოლში კალაპოტი ვიწროვდება მენჯიშის სუკთან, სადაც ზედა იურული ფერადი წყების რბილი ქანებია გავრცელებული, ხეობა ისევ ფართოვდება, მაგრამ ცარცულ კირქვებში კვლავ ვიწროვდება და მდინარე ხშირად მოედინება ვიწრო კანიანისებრ კალაპოტში. სოფლების ოქუმისა და ღუმურიში საზღვარზე მდინარე გამოდის დაბლობზე და გუდავთასთან უერთდება ზღვას ხეების ზემო ნაწილში შენაკადებიდან უმნიშვნელოვანესია: მარშანიკვარა, თიყვას ღალი, (მარჯვენა) ავასაკვარა (მარცხენა), სოფელ ოქუმის ტერიტორიაზე მორინიჯე, უფრო ქვემოთ - არჩე და ოხოჯე. სოფელ გუდავასთან მდინარე ოქუმის წყალი და მდინარე ერის წყალი ერთდებიან და შემდეგ უერთდებიან ზღვას. ჩქარი, მოუსვენარი მდინარეა ოქუმი. იგი გრგვინვით მიედინება ხეობაში. ხეობიდან გამოსვლის შემდეგ ხშირად იცვლის კალაპოტს. გვალვიან ზაფხულში ნელა, უწყინარად მიედინება მის მიერ მაღალი მთებიდან ბარში ჩამოზიდულ ვეებერთელა ქვებს შორის, წყალდიდობის დროს კი სრულიად გამოიცვლება, ფაფარს აიყრის, გუგუნებს, ბორგავს, ლამობს წალეკოს და ზღვაში ჩაიტანოს მთა-ბარი. ხეობიდან გამოსული მდინარის დინება თანდათანობით ნელდება, დაბლობზე მდინარე ხშირად იტოტება, კალაპოტი ძლიერ მიხვეულ მოხვეულია. მაგრამ უკანასკნელ წლებში მოხდა ცვლილება რკინიგზის ხიდის სამხრეთით ზღვამდე 10 კმ-ის მანძილზე მდინარის კალაპოტი ხელოვნურად გასწორდა, გაღრმავდა და გაფართოვდა (40 მეტრამდე) ამჟამად არ არის საშიშროება, რომ მდინარე გადმოვიდეს კალაპოტიდან და შექმნას პირობები დაჭაობებისათვის .
გალის რაიონის ჩრ. აღმოსავლეთიდან სმ.დასავლეთისკენ მიუყვება ერისწყალი. არქ.ლამბერტი წერს რომ მას სიპატარავისგამო რუკაზე არ აღნიშნავენ თუმცა ღირსშესანიშნავია თევზის სიუხვით. ერის წყალი ორია: დიდი და პატარა. მდინარე ერის წყალი სათავეს იღებს ოხაჩქუეს კარსტრული მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთის ძირას ერთის მთასთან (..560 ) მდინარე ორ ტოტად გამოდის კარსტული მღვიმიდან სხვადასხვა დონეზე. აუზის ფართობი 296 კმ კვადრატია. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა, წელიწადის სხვადასვხა დროს - წყალმოვარდნები. საშალო წლიური ხარჯი შესართავთან შეადგენს 102 . კუბს. ერისწყლის შენაკადებია: უბადო ღალი, (მარცხენა) რთომიწყალი, ჩეღალი, ღალიხუმლა, რეჩხი (მარჯვენა). ქალაქ გალში გაივლის მდინარე ერისწყლის მარცხენა შენაკადი ქვიშონა. ამ უკანასკნელს ქალაქის ტერიტორიაზე ერთვის ღელე მახუნჯია. პირველი გალის ტერიტორიაზე მდინარეს მარჯვნივ ერთვის ნიშონი და ქორომონი, სოფელ რეფო შეშელეთში მიედინება მდინარე პატარა ერისწყალი, რომელიც დიდ ერისწყალს უერთდება სოფელ მეორე გუდავაში. მცირე და დიდ ერისწყალს შუა მიედინება და ამ უკანასკნელს უერთდება პატარა მდინარე ადახვარა. მდინარე ერისწყლის შენაკადებს შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კარსტული მდინარე რეჩხი, რომელიც სოფელ რეჩხის ტერიტორიაზე, კირქვული მასივის ძირში გამოედინება მძლავრი მაგრამ ცვალებადი დებიტის ვუკლოზის სახით. დიდი დებიტის მქონე მდინარე რეჩხი სასმელია და ტექნიკური წყლით ამარაგებს გალის რაიონსა და ქალაქ ზუგდიდს. ენგურთან ერთად ერისწყალი კარგა ხანია ჩადგა ხალხის სამსახურში იგი თავის უშრეტ ძალას აწვდის ენგურ ჰესს, ენგურთან ერთად ქმნის გალის ზღვას.
მდინარე ხუმუშქური სათავეს იღებს გორაკ-ბორცვიან ზონაში სოფელ ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე. მდინარეს აქვს სმ.დასავლეთი მიმართულება. მისი მარჯვენა შენაკადებია: ხვითი (ზემო ბარღებში) სიდა (თხინას კარეში) ასევე ჭუბურხინჯში იღებენ სათავეს. ზემო ბარღების ტერიტორიაზე მიმდინარე ღელეები: უჩა ღალი, ყინწყარი, ოლენი. ეს ღელეები უერთდებიან და მარჯვნიდან მიერთვიან ხუმუშქურს. ეს უკანასკნელი და მდინარე ქირი ერთდებიან და ქმნიან მდინარე გაგიდას ერთ ტოტს. ზემო ბარღების ტერიტორიაზე ღელეები: ჭუბურონა და ტობი ერთდებიან და ქმნიან მდინარე ქირის მარჯვენა შენაკადს (ასლანგერის ღალს). სოფელ განახლებაში მდინარე ქირის შენაკადებია: ჯვარამი ღალი, მარქვალიში ღალიჭითაფონი. პატარა მდინარე ფიცარ ღალი უერთდება მდინარე მარაჭას ეს უკანასკნელი ზღვასთან ახლოს უერთდება მდინარე გაგიდას. სოფელ გაგიდაში უშუალოდ ზღვას უერთდება ასევე პატარა მდინარეები: ოკვინორე, კვადიაში ღალი, (ფიჩორთან) თაგილონ ნაბაკევის ტერიტორიაზე მიედინება ენგურის მარჯვენა შენაკადები ხაია და ხურჩა. ნაბაკევ-ოტობაიის ტერიტორიაზე პატარა მდინარეებია: ზარწუფა, ნაკარღალი და სხვა. სოფელ მზიურის გორაკ-ბორცვიან ზონაში იღებს სათავეს და ქალაქ გალს გაივლის მდინარე ოჯოღორე. მზიურის ტერიტორიაზე მისი მარჯვენა შენაკადია ყოჯელი, უფრო ქვემოთ რეფი. შეშელეთში პატარა ყოჯელი და შაშიკვარა სოფელ ხუმუშქურში ოჯოღორეს ერთვის. ასევე პატარა მდინარეა კვარიქვა, ზღვასთან მიახლოებისას ოჯოღორე უერთდება მდინარე გაგიდას. ამგვარად მდინარე გაგიდა წარმოიქმნება მდინარეების ხუმუშქურის-ქირის და ოჯოღორეს შეერთებით. მისი სიგრძე 6,3 კმ-ია, აუზის ფართობი-270 კვადრატია, ერთვის შავ ზღვას სოფელ გაგიდასთან. სოფელ გუდავას პატარა მდინარეებია: ოხურეი, ანარია, აძურუ, შავი ღელე, ჭაობია, (ჯოყობა) ეს უკანასკნელი გამოედინება ტბა დიდი ბებეისირიდან. ოხაჩქუეს ქედის ჩრ.აღმოსავლეთით მიედინება ოდესღაც კალმახებით მდიდარი მდინარე ოკალმახე-მდინარე ენგულის მარჯვენა შენაკადი. გალის რაიონის პატარა მდინარეები ხშირი წვიმების შემდეგ დიდებიან, კალაპოტში ვერ ეტევიან ნაპირებზე გადმოდიან და აპირობებენ დაბლობის დატენიანებას და დაჭაობებას. ამჟამად რაიონში ჩატარებული სამელიორაციო სამუშაოების შედეგად ასეთ მდინარეთა (სიდა, ხუმუშქური, ყოჯელი, შაშიკვარა, ქირი და სხვ.) კალაპოტი გაფართოებულია, გასწორებულია, გაყვანილია წყალსაწრეტი არხები და დაბლობის დატენიანება-დაჭაობების პროცესები შეწყვეტილია. ჩვენი საუკუნის ერთი თაობის სიცოცხლის ხანგრძლივობაც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ შესანიშნავი ყოფილიყო პატარა მდინარეებში წყლის დონის საგრძნობი შემცირება გალის რაიონის დაბლობის ზღვისპირა ზონის პატარა მდინარეები, როგორც აღინიშნა სათავეს იღებენ გორაკბორცვიანი ზონის სამხრეთ ფერდობებზე ეს ზონა წინათ, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მეტწილად ტყით იყო დაფარული ამიტომ მდინარეთა წყალუხვობა უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ მე-20 საუკუნეში ანსაკუთრებით უკანასკნელ ათეულ წლებში გორაკ-ბორცვიან ზონაში ტყეების გაჩეხვამ პატარა მდინარეებში წყალმცირობა გამოიწვია. გაჩეხილი ტყეების ადგილი ამჟამად კულტურულ მცენარეებს და დასახლებულ პუნტებს უკავია.

ისტორიისა და კულტურის ძეგლები

გალის რაიონის ტერიტორიაზე პირვანდელი სახით დღემდე კულტურის ძეგლების მხოლოდ უმნივნელო ნაწილმა მოაღწია. ისინი მეტწილად დანგრეულია, ზოგიერთი მათგანის მხოლოდ საძირკველი ანს ფრანგი მეცნიერის დიუბუა დე მონპერეს დროს კულტურის ძეგლები მიწის ზედაპირზე უფრო მეტად ჩანდა, ამიტომ წერს მეცნიერი „აქ ყველგან გაფანტულია ძველი კულტურის ნანგრევები და კვლავ ბერძნული კოლონიისა და ძველი აფხაზეთის სამეფოს ნიშნები.“
საკულტო და თავდაცვით ნაგებობებთან ერთად გვხვდება ქალაქის ტიპის დასახლების ნაშთები. ესაა თანამედროვე გუდავის ადგილას ზღვისპირა გვიან ანტიკური ხანისა და ადრე შუა საუკუნეების ქალაქის ტიპის დასახლება ზიგანეონი-ზიგანისი-ზიღანეოსი-ზიღანევი.ზიგანეონი-ზიგანევი, (ზიღანეოსი) მოხსენებულია III-IV საუკუნეების მიჯნის ამბების აღწერისას „ორენტის მარტვილობაში“. ძიღანეოსი იხსენიება მეოთხე-მეხუთე საუკუნეებში, როგორც რომაული გარნიზონების სადგომი. იგი მოხსენიებულია მე-7-მ-9 საუკუნეეის ბიზანტიის იმპერიის საეპისკოპოსო კათედრების სიები. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით, ლაზიკის ოთხი საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთი გუდავაში იყო. ამიტომ „ქართლის ცხოვრებაში“ აღნინულია, რომ „ბაგრატმა ააგო ბედიის ტაძარი და იქ გადმოიტანა გადის საეპისკოპოსო“. მე-11 საუკუნის ხელნაწერის სქოლიოში აღნიშნულია: „გუდაყუას იტყვიან ზიღანეოსად“. ბერძნული ტეტრაკონებიდან ცნობილია, რომ ეს ქალაქი იყო საჯდომი (რეზიდენცია) ლაზიკის ერთ-ერთი ეპისკოპოსისა. ეგრის-აფხაზეთის მეფებმა, ეკლესიური გამოყოფის მოპოვებისთანავე დაიწყეს ძველი (ბიზანტიური) საეპისკოპოსო კათედრების მოშლა დასავლეთ საქართველოში და მათ საპირისპიროდ ახალი ქართული კათედრების დაარსება. მეათე საუკუნის მანძილზე მოიშალა გუდაყავის (ძიდანაყევის) კათედრა, როგორც მემატიანე წერს, ბაგრატ მესამემ „აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყუის საეპისკოპოსო“. მოიშალა ფოთის კათედრა, აშენდა ჭყონდიდისა. შეიქმნა ახალი ქართული საეპისკოპოსო კათედრები.
აღნიშნული გვაქვს, რომ 1970-72 წლებში გუდავაში არმოებდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი პროფესორი პარმენ ზაქარაია).
არქეოლოგებმა იპოვეს მდ. ოქუმის მარცხენა მხარეზე მცირე ზომის სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები, მის ძირში ადრეფეოდალური ხანის მარმარილოს არიტექტურის დეტალები, სალოცავის ნაშთები, თავდაცვითი ზღუდე, ერთი მეტრი სისქის ქვის კედლის გალავნის ნაშთები. „აქ გუდავას ახლოს ყოფილა ქვის ხიდი ისე, რომ ქვით იყო დაფარული მდინარის ფსკერი და მდინარე ამ ქვის რგოლში გადიოდა, ალბათ, ხიდი მაშინაა აქ აგებული, როცა ძიდანაყევი საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა. ხიდის ნიშნები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ჩანდა. გუდავაში დღემდე შემორჩენილია შუა საუკუნეების ორი ციხის ნანგრევები. ერთი მათგანი მდ. ოქუმის მარცხენა მხარეზე-შედარებით კარგადაა მოღწეული, ნაგებობის კედლის ნაშთებით და გალავნით.
როგორც აღნიშნული გვაქვს, მე-11 საუკუნის დასაწყისში გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ მესამემ „მოცკალა“ გუდაყვის კათედრალი, იგი გადაიტანა ბედიის ახლად აგებულ ტაძარში. ბაგრატ მესამემ 999 წელს (თ. ჟორდანია, „ქრონიკები“ ტ.1 გვ. 137) „აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, შეწირა სოფელი მრავალნი. განასრულა ყოვლითა განგებითა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი“, „მატიანე ქართლისა“ ბაგრატ მეფის სიდიადეს ბედიის ტაძრის აგებით განსაზღვრავს: „უკეთუ ვინმეს ენებოს განცდად და გულისხმის საყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა და მისგან გულისხმაჰყოს“. ბედიის მშენებელ მეფეზე მემატიანე ამბობს: „შემდგომ დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა, არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა ყოვლითა განგებითა ეკლესიათა მშენებელი“.

„...აქაც ბედიასა აღაშენა მეფემან ბაგრატ ეკლესია დიდ მშვენიერ გუმბათიანი და შეამკო სიმდიდრითა დიდითა ფრიად. ამისათვის წერილ არს: „ვისაც გენებოს სიდიდე და სიმდიდრე ბაგრატ მეფისა განიხილე ბედიის ეკლესია და მით სცნობ“ (ვახუშტი ბაგრატიონი). „იგი აშენდა როგორც ბაგრატ მეფის სასახლის კარის ეკლესია“ (მწყემსი, 1893, #13).
ბედიის სამონასტრო კომპლექსის ცენტრში ტაძარია. იგი გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედია, სამი შესასვლელით და ვიწრო გვერდითა ნავებით. გუმბათი დაყრდნობილია ორ ბურჯსა ა საკურთხევლის კედლების კუთხეებზე. ფასადები კარგად გათლილი ქვის (ადგილობრივ მოპოვებული კარბონატული ქვიშაქვა) კვადრებითაა მოპირკეთებული. ტაძრის ახლანდელი ნაგებობა მე-13-მე-14 საუკუნეებს განეკუთვნება. როგორც აქიტექტურული ძეგლი, აკად გ. ჩუბინაშვილის განმარტებით, ბედიის ტაძარი არა თუ ჩამოუვარდებოდა ამავე მეფის მიერ აგებული ქუთაისის ბაგრატის ტაძარს, შესაძლოა ჭარბობდა კიდევაც მას. ილია ჭავჭავაძის „ივერია“ ბედიის ტაძარზე წერდა: „თუმცა ჟამთა სიავეს მეტისმეტად დაუზიანებია ეს ტაძარი, მაგრამ თავისი წარსული სიდიადე იმდენად ეტყობა, რომ შესვლისთანავე შიგ მოწიწებით ქუდს იხდით და მყისვე განიმსჭვალებით წარსულთა დროთა პატივისცემის გრძნობით“.
ბედიის ტაძრის ფრესკამ შემოგვინახა ძველი ქართული წარწერები, მოხატულობანი და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ძვირფასი სახე ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის დასავლეთ კედელზე წარწერაში (1572წ.) ნახსენებია მშენებელი, ქვის მთლელთა უფროსი სიმონი, დედოფალი მარიამი და მისი შვილი ერისთავთ-ერისთავი მანდატურთხუცესი დადიანი გიორგი. ტაძრის დასაკეც ხატზე არის ქართული წარწერა (მე-16 საუკუნე).
შუა საუკუნეებში ბედიის მონასტერი იყო მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, სადაც ბედიელი მთავარეპისკოპოსები და სხვა პირნი ეწეოდნენ კულტურულ-მწიგნობრულ მოღვაწეობას. ამჟამად ბედიის ტაძარი ძირითადად რესტავრირებულია. ტაძრის დასავლეთ მხარეს დიდი სასახლეა დღემდე მოღწეული, იქვეა მე-14 საუკუნის სამრეკლო. ტაძართან ახლოს ადგილს „ნაქალაქარი“ ეწოდება. შესაძლებელია აქ ძველი ეგრისი იყო.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბედია (დღეს რომ აგუბედიას უწოდებენ აფხაზები), სადაც ტაძარია წინათ სამურზაყანოს სოფელი იყო. უფრო მეტი, სამურზაყანოს სამფლობელოს ჩამოყალიბებიდან 1840 წლამდე იგი საურზაყანოს ცენტრი იყო, სამურზაყანოს მფლობელი შარვაშიძეთა რეზიდენცია. სოფლები აგუბედია, პირველი ბედია, რეკა, კოპიტი გალის რაიონის სოფლები იყო. ეს იყო მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე. 30-იანი წლების ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ნ. ლაკობას განკარგულებით ეს სოფლები გალის რაიონს ჩამოართვეს და ოჩამჩირის რაიონს მიაკუთვნეს. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღსდგება აგუბედია და სხვა სოფლები გალის  რაიონს უნდა დაუბრუნდეს.
შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშებიდან უმნივნელოვანესია ოქრომჭედლობის შესანიშნავი ძეგლი - ბედიის ოქროს ბარძიმი, ანუ ჭედური თასი. მრგვალი ფორმის ბაჯაღლო ოქროს თასის სიმაღლე 12,5 სმ-ია, დიამეტრი - 14 სმ. ფეხი არ შემონახულა. შესრულებულია მე-10-11 საუკუნეთა მიჯნაზე. თასის გარე ზედაპირი სვეტებზე დაყრდნობილ თაღებით 12 არედაა დაყოფილი. თითოეული თაღის ქვეშ თითო ფიგურაა გამოსახული. ბარძიმის ზედა ნაწილში ასომთავრული წარწერაა: მეფე ბაგრატი და მისი დედა გურანდუხტი ბარიმს სწირავენ მათ მიერვე აგებულ ბედიის ეკლესიას. „ქ. წმინდაო ღმერთის მშობელო მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ მეფისა და დედას მათსა გურანდუხტ დედოფალსა, ამის ბარიმის შემწირელთა და ამის საყდრისა ამშენებელთა. ამინ“.
ოქროს ბარძიმი ამჟამად საქარველოს ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს. 1997 წელს ბედიის ოქროს ბარძიმი წარმოდგენილი იყო ბიზანტიისადმი მიძღვნილ მსოფლიო გამოფენაზე იუ-იორკში.
მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედის ძეგლია ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. იგი ნაგებია მოყვითალო წვრილმარცვლოვანი ქვიშაქვით. „პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკის დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეთა საქართველოს წამყვანი რაიონების მხატვრული მისწრაფებანი“.
ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ეკლესიაა, აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერები, რომლებიც აგრეთვე მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება: „წმინდა გიორგი შეიწყალე, გიორგი ქოჩოლვა (მღვდელი), წმინდაო გიორგი მფარველ მექმენ დიდსა დღესა“ ილორში ერთ-ერთ ხატზე ქართული წარწერაა: „ქ. წმინდაო გიორგი ილორისთავო ადიდენ და ასუფევენ ორთავე შინა სუფევათა ძლიერი და უძლეველი ღთ(ი)ვ გვირგვინოსანი მეფე ძე რუსუდან(ი)სი, რომლისა ბრძანებითა გამოიჭედა ხატი ესე ილორის მთავარ მოწამისა“. „არს ილორის ეკლესია წმინდა გიორგისა, - წერს ვახუშტი, - უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული. არამედ სილოვანობისა გამო რათა არ შეირყეს ეკლესია მიუღიათ ქვა დიდი ფრიადი, ფიქალი და მას ზედა შენი არს სრულიად ეკლესია“. მართლაც, შეამოწმეს ეკლესიის საძირკველი და ქვევით ქვები აღმოჩნდა დაფენილი. მე-17 საუკუნის ხატებიდან ცნობილია ილორის ეკლესიის წმინდა გიორგის ხატი - ხარის მოყვანისა. ისე როგორც საქართველოს მრავალი ეკლესია და ტაძარი, არც ილორი აცდა უცხოელ დამპყრობთა ძალადობას. ნ. დადიანის თქმით, „1733 წელს თურქებმა მოსპეს ეკლესია წმინდა გიორგისა ილორს და აღძარცეს კრამიტი ბრპენისა“. ცეცხლი საკმარისად არ მიუჩნევია და ტყვიის სახურავი აუხდიათ. სამურზაყანო ენგურსა და ღალიძგას შორის ვრცელდებოდა, ილორი ღალიგის მარცხენა მხარეზეა, ეკუთვნოდა სამურზაყანოს.
საუკუნეების მანძილზე ილორის ეკლესიას ემსახურებოდა გვარი მერჭულე. ადგილობრივი გადმოცემით ეს გვარი რჯულიდან წარმოიშვა. ქართველ-აფხაზთა კონფლიქტის წლებში მერჭულეებმა დატოვეს ილორი.
მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლის - ეკლესიისა და თავდაცვითი კომლექსის ნანგრევებმა მოაღწია სოფელ მეორე ბედიაში, მაღლობზე, რომელსაც ხალხი ფშაურს უწოდებს. კომპლექსი ფშაური შეიცავს ეკლესიას, საჟამნოს (ეკვდერი), კოშკების, გალავნის ნანგრევებს, გალავნის შიგნით არის დარბაზული ტიპის ეკლესია, გარედან სწორკუთხოვანი კონტურით, შიგნით ნახევრადწრიულით, დარჩენილია დასავლეთის ნაშთები, ორი კვადრატული მოხაზულობის კოშკის ნანგრევი.
ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ქვით (კირქვა), კომპლექსის საშენად თლილ ქვებთან ერთად გამოყენებულია რიყის ქვები, კონგლომერატები, არის უხეშად გაპობილი კირქვის კვადრებიც, შემორჩენილია ფრესკები, ღვთისმობლის გამოსახულებანი, მირქმის სცენები და სხვა. არის წარწერები ქართულ ენაზე. ხელოვნებათმცოდნე ლ. შარცაშიძე, რომელმაც შეისწავლა ხუროთმოძღვრული ძეგლები, ფშაურის ეკლესიის მოხატულობას მე-14 საუკუნით ათარიღებს.
ჩვენს დრომდე მოღწეული კულტურის ძეგლებით ცნობილია სოფელი წარჩე, ისტორიული სამურზაყანოს უძველესი დასახელებული პუნქტი. არქანჯელო ლამბერტის რუკაზე მდინარე წარჩეს ტარსაუ-ტარსურა ეწოდება. ცნობილია წარჩეს მთავარანგელოზის ხატი - მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზები  (მოოქროვილი ვერცხლი  XVII საუკუნე). წარჩეს ძეგლთა შესწავლაში დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივ მკვიდრს, ისტორიკოს-ეთნოგრაფს ნოდარ შონიას, რომელმაც გალის რაიონში გამოავლინა მრავალი არქეოლოგიური, ხუროთმოძღვრული, მანამდე უცნობი ძეგლი.
ეკლესია „მაფაში ოხვაშე“ (დედოფლის ეკლესია) ამჟამად დანგრეულია, ყოფილა დარბაზული ტიპისა, ეკლესიის სამხრეთით არის მისი მომიჯნავე ზომით უფრო პატარა, მაგრამ უკეთ დაცული მეორე ეკლესია. დიდი ეკლესია მოპირკეთებული ყოფილა სუფთად გალილი ქვის კვადრებით, ამჟამად კვადრები არ შემორჩენილა. პატარა ეკლესია აგებულია რიყისა და უხეშად დაპობილი ქვით-კარგად დაცული ჰორიზონტალური რიგებით. ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მრავალი მოხატულობა, რომელსაც ლ. შარვაშიძე მე-15 საუკუნით ათარიღებს.
სოფელ წარჩეში ცნობილია საინტერესო ნაგებობა „ფიჭერისთეს“ ეკლესია. ეკლესიის ნაგებობა შუასაუკუნეებით თარიღდება. დაცულია ჩვენს დრომდე. მდ. წარჩეს მარჯვენა მხარეზე არის შუა საუკუნის ეკლესიის ნანგრევი. ჩანს, რომ მოპირკეთებული ყოფილა მსხვილმარცვლოვანი მოყვითალო ქვიშაქვით, ნაწილობრივ რიყის ქვით, იქვე ახლოს ფერდობის ძირში არის გვიან შუასაუკუნეებში მოპირკეთებული წყარო „ბერეფიში წყურგილი“.
წარჩეში ნაპოვნია ქვის ფილა ქართული წარწერით: „ეს წმინდა მთა ეკუთვნის პაშაძეს“. პაშაძე უცნობია ქართული ისტირიისათვის. წარწერა თარიღდება მე-12-მე-13 საუკუნეებით. არქ. ლამბერტის რუკაზე თანამედროვე გალის რაიონის ფარგლებში ყველაზე მეტი ნაგებობა სოფელ წარჩეს მიდამოებია ანინული. ამჟამად ამ სოფელში გვაქვს ყველაზე მეტად შუა საუკუნეების სიმაგრეებისა და ციხე-კოშკების ნანგრევები. ჩანს, რომ ციხე-სიმაგრე დიდი ყოფილა, 300-400 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი სჭერია. ციხე-სიმაგრის კედლები ძლიერ ლამაზი წყობისაა, აგებულია თანაბარი მსხვილი რიყის ქვით, აქა-იქ ჩაშენებულია აგური, დიდი მრგვალი ქვები მეტწილად შუაში გატეხილი და ისეა ნაგებობა აშენებული, რომ კედლები სწორია. საშენი რიყის ქვა იქვეა ახლოს, მდინარის ნაპირიდანაა მოტანილი, მოპირკეთებისათვის გამოყენებულია დიდი ზომის კვადრები. ეს ქანი ადგილ კოლოშანაშია გავრცელებული. ჩანს, რომ იქიდან მოუტანიათ, კედლის სისქე მეტრზე მეტია. ციხე-სიმაგრის ნანგრევებიდან 300 მეტრზე-გორაკზე ქვის გალავნის ნაშთებია დარჩენილი. გალავნის შიგნით მოქცეულია 0,7-0,8 ჰექტარი ფართობი. დარჩენილა გალავნის ნაწილი 5-6 მეტრი სიმაღლისა. 20 მეტრის სიგრძეზე გალავნის კედლის სისქე მეტრზე მეტია, ნაგებია რიყის ქვით. კედლის ზედაპირი სწორია, ლამაზია წყობა. ასეთი წყობა იშვიათია საქართველოში რიყის ქვით ნაგებ ციხე-სიმაგრეებში. კედელ-გალავანს აქვს წრიული ფორმის (დიამეტრი 10 სმ-მდე) ხვრელები-სათოფურები თუ ისრის სასროლები. მეტწილად ქვევიდან ზევით თითო მეტრის დაცილებით. გორაკის სხვა მხარეებზედაც დარჩენილია კედლის ნაშთები 1-3 მეტრის სიმაღლეზე.
ამ გორაკის მეორე მხარეზე (სამხრეთ-აღმოსავლეთით) მოსწორებულ ადგილას ძველი ციხე-სიმაგრეა აღმართული. მას დაახლოებით 300 კვ. მეტრი ფართობი უჭირავს. ირგვლივ გალავანია. სამხრეთ მხარეზე 14-15 მეტრის სიმაღლის კოშკია აღმართული. კოშკს კარი არა აქვს, ალბათ შესასვლელი ქვევიდან ჰქონდა და ამჟამად მიწითაა ამოვსებული. კოშკის კედლების სიგრძე 4 მეტრზე მეტია, კედლები რიყის ქვითაა ნაგები. ქვის წყობა არაჩვეულებრივად ლამაზია. რიყის ქვას ურევია ქვიშაქვების გათლილი დიდი ზომის კვადრები, იშვიათად-აგური, გალავნის შიგნით ჩანს ცალკეულ ნაგებობათა ნაშთები (ნანგრევები), ჩამოქცეული თაღები, ქვევით, ფერდობზე არის სოფლის ცენტრიდან ჩამოტანილი ქვის დიდი ლოდი, სადაც სოფლის ხელმძღვანელები არჩევდნენ საქმეებს.
წარჩის სიძველენი მოითხოვენ მეცნიერულ შესწავლას.
მხარეთმცოდნე ნ. შონიამ 1953 წელს ღუმურიშის ტერიტორიაზე ნაეკლესიართან ახლოს აღმოაჩინა წარწერებიანი ქვა, სადაც მოხსენებულია ეკლესიის მშენებელი საგდუხტ დედოფალი
„სა მშენებელი დ
                ე(დ) ოფალთ დედოფალი
საგდუხტ ნიანის
ასული ამინ“.
წარწერის ტექსტი ამოიკითხა და X-XII საუკუნეებით დაათარიღა თ. ბარნაველმა. ეპიგრაფიკული ძეგლი ამჟამად დაცულია აფხაზეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სოფელ ღუმურიშში კირილის მთაზე (გორაკზე) აღმოჩენილია შუა საუკუნეების გრანდიოზული ციხე-სიმაგრის საძირკველისა და კედლების ნაშთები. მთის თხემზე ნანგრევებს დიდი ფართობი უჭირავს. აქვე, მთის სამხრეთ ფერდობზე აღმოჩნდა გვიან ანტიკური ხანის სამარხის ნაშთები - თიხის ამფორები, სხვადასხვა დროის კერამიკული ნაწარმი და რკინის წიდა.
სოფელ ჩხორთოლში, მთის ძირში, გავაკებაზე აღმართულია ზედა ცარცული სქელშრეებრივი კირქვებით აგებული სვეტისებური ბორცვი, სიმაღლით 50-60 მეტრი, მისი ზედაპირი ბრტყელია და უკავია დაახლოებით 150 კვ. მეტრი ფართობი. ბორცვის ირგვლივ კიდეებზე კირქვის უხეშად გათლილი კვადრით აგებული კედლებია აღმართული. კედლის სიმაღლე 1,5-2 მეტრია, აქაა ცხრათვალა ციხე-სიმაგრე „ჩხორთოლი“. ციხე-სიმაგრემდე გზა მოშლილია, ასვლა ძნელია.
ამავე სოფელში არის მეორე სიმაგრე - „ჯიხუ“, ამავე სახელწოდების მდინარის ხეობის შესასვლელთან. ესეც როგორც ჩხორთოლის ციხე, აგებულია დენუდაციურ ბორცვზე, ამ ბორცვსა და კლდეებს შორის გადიოდა საცალფეხო გზა. სიმაგრე აგებულია რიყის ქვით. პირველი ქვედა კოშკი ძლიერ დანგრეულია, მეორე ზედა კოშკი უფრო დიდიცაა და უკეთ შენახული. კედლების სიმაღლე სამ მეტრზე მეტია, ციხე-სიმაგრის სიგრძე 16 მეტრამდეა, სიგანე 4 მეტრი, აღმოსავლეთით და სამხრეთით აქვს სათოფურები.
წკელიკარის ეკლესია მე-10 საუკუნის ძეგლია, მდებარეობს სოფელ რეჩხში, სათანჯოს მთის ჩრდილო-დასავლეთით, ქვის ერთ-ერთი შემორჩენილი ლოდის წარწერიდან ჩანს, რომ შუა საუკუნეებში ეკლესიას ეწოდებოდა „წყევლის კარი“. ამჟამად ხალხი ეკლესიის ნანგრევებს წკნელის კარს (მეგრულად წკელის კარს) ეძახიან. წყევლის კარი თუ წკნელის კარი ორივე ქართული ტოპონიმია, აფხაზი ენათმეცნიერი კ. შაკრილი სახელწოდებას აფხაზურად მიიჩნევს და აცკარს უწოდებს, რაც არ არის სწორი, ეკლესია ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილია კედლების ფრაგმენტები. იგი დარბაზული ტიპის ეკლესიაა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებით - ეკვდერებით. დასავლეთის მხარეზე სამივე შესასვლელი კარი და ფანჯრების ღიობები მდიდრულადაა შემკული ჩუქურთმებით, ეკლესიის კედლები, როგორც გარედან, ისე შიგნით მოპირკეთებულია სუფთად გათლილი თეთრი კირქვის სწორკუთხოვანი კვადრებით. ძეგლის შესახებ პირველი ცნობა ეკუთვნის ი. ბართოლომეის და არა ლ. შარვაშიძეს, როგორც ეს მის წიგნშია აღნიშნული. ლ. შარვაშიძემ, როგორც ხელოვნებათმცოდნემ შეისწავლა ეკლესია. ავტორის დასკვნით, დარბაზის ტიპის ეკლესია მე-10 საუკუნეში იყო აგებული. მე-12-14 საუკუნეებში მას მიუშენეს გვერდითა ეკვდერები და დასავლეთის სტოა, მხატვრობა მე-11-14 საუკუნეებისაა, არის ქალისა და ბავშვის გამოსახულებანი, წმ. ესტატეს ნადირობის სცენა და სხვა. შემორჩენილია ქართული ასომთავრული (მე-11 ს.) და მხედრული (მე-17 ს.) წარწერები. წარწერაში მოხსენებულია თავადი ფაღავა.
თავდაცვით ნაგებობებს შორის სათანჯოს კოშკი ერთ-ერთი უმაღლესია აფხაზეთში. ამავე სახელწოდების მთიდან იგი ამაყად გადაჰყურებს ენგურის ხეობას. იგი მე-12-14 საუკუნეების ძეგლია. სიმაგრე ხუთსართულიანი კვადრატული ფორმის ნაგებობაა: შიგნითა ზომები 11x11მ. კედლის სისქე მოპირკეთების გარეშე ერთი მეტრია. კედლები აგებულია ადგილობრივი ნგრეული კირქვით. ჩანს, რომ კოშკი გარედან მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვის კვადრებით. ამჟამად მოპირკეთების მხოლოდ ფრაგმენტია დარჩენილი, სიმაგრეს ირგვლივ გალავანი აკრავს, გალავნის დიამეტრი 49 მეტრია, სიმაღლე 4 მეტრამდე აღწევს, სისქე 2 მეტრია, გალავნის ახლოს აღმოსავლეთ მხარეზე ჩანს სხვა ნაგებობის საძირკველი.
სათანჯოზე დღემდე ხალხში დარჩენილია მრავალი ლეგენდა და თქმულება, დაკაშირებული მშრომელი ადამიანის ტანჯვასა და წამებასთან, სამშობლოსათვის თავგანწირვასთან.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სათანჯო შუა საუკუნეებში ცნობილი იყო სანტ-ანჯელოს („წმინდა ანგელოზის“) სახელწოდებით, რომ ეს ციხე მე-14, მე-15 საუკუნეებში გენუელი ვაჭრების ფაქტორია იყო. ამ დროისათვის გენუელთა ასეთი ფაქტორიები ცნობილი იყო აფხაზეთში „სანტა-სოფია“ ალახაძესთან ბიჭვინთაში, კავო დე ბუქსო გუდაუთასთან, „სებასტოპოლის“ - სოხუმში და ა.შ. ეს მოსაზრება პირველად ცნობილმა არქეოლოგმა და ნუმიზმატმა ი.ა. ბართოლომეიმ გამოთქვა: სათანჯო-სატანჯელა ან ატანჯელა-შეიძლება გენუელთა სიმაგრე სანტ-ანჯელო იყო. ვ. ბრუნის ნაშრომის „ჩერნომორიეს“ დამოწმებით მოხსენებულია ენგურისპირეთის კოლონია „სანტ ანჯელო“. მწერალ ვლ. ალფენიძის ცნობით, იტალიურ ეროვნულ ენციკლოპედიებში და სხვა წყაროებში, იტალიელი მეცნიერის ჯიაკომო მუსოს, ფრანგი მეცნიერის დელორის შრომებში, მე-14 საუკუნის გენუის სავაჭრო ფაქტორიებს შორის მოხსენებულია სანტ-ანჯელო, ჩვენი სათანჯო, რომელიც დღესაც გადაჰყურებს ლეგენდარული კოლხეთის უმშვენიერეს პეიზაჟებს, როგორც წარსულის ელჩი და მოწმე. სათანჯო მოხსენებული აქვს არქ. ლამბერტს. სოფელ დიხაზურგაში მ. ჯანაშვილმა ნანგრევებში იპოვა ქვა წარწერით: „ქ. გრიგოლს, კალატოზთ უხუცესს შეუნდვეს ღმერთმან. ამინ“. მ. ჯანაშვილის შემდეგ წარწერებიანი ქვის ადგილი უცნობი იყო. ნ. შონიამ ამ რამდენიმე წლის წინათ დიხაზურგაში წმ. ბარბალეს ეკლესიის ნანგრევებზე ისევ იპოვა ეს ქვა. იგი მე-12-13 საუკუნით დაათარიღეს, წმინდა ბარბალეს სახელობის ეკლესიები საქართველოში მე-14 საუკუნეში შენდებოდა, შეიძლება დიხაზურგის ეკლესიაც ამ დროინდელი იყო. წარწერებიანი ქვა ინახება გალის სამხარეთმცოდნეო მუზეუმში.
სათანჯოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, უშუალოდ მდ. ენგურის კბოდეზე, დღესაც დგას კარგად დაცული, სამსართულიანი, ოთხკუთხედის ფორმის კოშკი ოცარცე. იგი აგებულია კარგად შერჩეული რიყის ქვით, კოშკის სიმაღლე 15 მეტრს აღწევს, კედლის სისქე 1,6 მეტრია. აქვს მცირე გალავანი, რომელიც მდინარის მხარეზე დანგრეულია. აგებულია არა უგვიანეს მე-16, მე-17 საუკუნეებისა.
დიხაზურგაში ოცარცეს კოშკის ჩრდილოეთით ერთ კილომეტრზე არის დარჩენილი სიმაგრის ნაშთი. საძირკვლის მიხედვით ჩანს, რომ მას ჰქონია ოთხკუთხედის ფორმა. რიყის ქვით, კედლის სისქე ერთი მეტრია. სიმაგრეს ჰქონია დაახლოებით 3000 კვ. მეტრი ფართობის რიყის ქვით ნაგები გალავანი. ეს ნაგებობა ციხე-სიმაგრე უნდა ყოფილიყო.
სოფელ ჭუბურხინჯში შემორჩენილია ოთხკუთხედი ფორმის კოშკი. ზომა 6-5 მ. კედლები (სისქე - 1,25მ) რიყის ქვითაა ნაგები. ეს სამეთვალყურეო კოშკი უნდა ყოფილიყო. სოფელ ჭუბურხინჯში მიუთითებენ სამსართულიანი კოშკის არსებობაზე, აგრეთვე კოშკების ნანგრევებზე ფარონში, რეკვეში და სხვა.
ენგურის პირას მდინარიდან ერთ კილომეტრზე სოფელ თაგილონის ტერიტორიაზე, ნაბაკევის საზღვართან ვაკეზე აღმართულ ბორცვზე არის რიყის ქვით ნაგები გალავანი, კედლის სისქე ერთი მეტრია, დარჩენილია გალავნის ნაშთი 1-1,5 მეტრის სიმაღლემდე. გალავნის შიგნითა არის ნაგებობათა - ეკლესიის ნაშთები. მოსახლეობა ამ ადგილს დღესაც წიფურიას ეძახის. XVII საუკუნეში წიფურია მნიშვნელოვანი  საეკლესიო და სავაჭრო ცენტრი ყოფილა. მე-17 საუკუნეში წიფურიაში მოღვაწეობდნენ კათოლიკე მისიონერები არქ. ლამბერტი, დონ ჯუზეპე მედიჩი მილანელი, ქრისტეფორე კასტელი, დონ მარი ჟოზეფ ძამპი და სხვა. ჟან შარდენი წიფურიას სიპიას უწოდებს. „სიპია ორი პატარა ეკლესიის სახელია, ერთი მათგანი მეგრელებისაა და მეორე თეატინებს ეკუთვნის. თეატინების ეკლესიას დიდი გალავანი აქვს და ამ გალავანში დგას ორივე ეკლესია“. ლამბერტი წერს, რომ წიფურიაში უმთავრესი ბაზრობა იმართება სექტემბრის პირველ კვირას, ლამბერტის ცნობით წიფურიას ბაზრობაზე „ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება, ზოგჯერ ყოლიათ ოცი ათას კაცამდე“.
წიფურიას ეკლესიაში ყოლიათ ცხვრის ფარა. ქრ. კასტელი წერს: „სოფ. სეპიაში ჩვენი პატრების ცხვრის ფარა მოწყალებითაა მიღებული“. ლამბერტის ცნობით, ერთი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ყოფილა, მეორე - წმინდა გიორგისა.
მ. თამარაშვილს „წიფურია“ თარგმნილი აქვს „ჭიფურიად“. მისიონერებმა „ჰპოვეს ჭიფურიაში ორი მშვენიერი თლილი ქვით ნაშენი ეკლესია“. წიფურიას შესახებ მეტად მდიდარ, საინტერესო ცნობებს გვაძლევს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მიქელ თამარაშვილი თავის წიგნში „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“. „შეიძლება ითქვას, რომ ეს წიგნი წიფურიას მისიონერის კვალობაზე სრული მატიანეა... როგორც საინტერესო წყაროებიდან ჩანს, წიფურიას შესახებ უამრავი გამოქვეყნებული ცნობები მოიპოვა რომის, ვატიკანის, კონსტანტინეპოლის მუზეუმებში, ლათინურ და სხვა ევროპულ ენებზე“. მისიონერებმა საქართველოს შესახებ თავიანთი ნაშრომებით წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი სამშობლოს ისტორიაში. წიფურიას მისიონში დაგროვილი შთაბეჭდილებებით დაიწერა ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“. „წიფურიაში უნდა დაწერილიყო ამ წიგნის ცალკეული ფრაგმენტებიც. წიფურიას მისიონში მოღვაწეობდა იტალიელი მისიონერი დონ ჯუზეპე ჯედიჩე მილანელიც, ავტორი შესანიშნავი წიგნისა „წერილები საქართველოზე“. ამ წიგნში დიდი ადგილი უჭირავს წიფურიას მისიონის აღწერას. წიფურიას მისიონში მოღვაწეობდა ცნობილი იტალიელი მისიონერი, მხატვარი და კარტოგრაფი ქრისტეფორე კასტელი. მოღვაწეობდა დონ მარი ჟოზეფ ძამპი, რომელიც წიფურიას მისიონის პრეფექტი იყო წლების მანძილზე“.
„ამგვარად, მე-17 საუკუნეში წიფურიამ შექმნა ცივილიზაციის პატარა კოლხური კერა, იგი იყო საეკლესიო და  სავაჭრო ეკონომიკური ცენტრი, აქ იწერებოდა საელჩო წერილები, ეპისტოლეები რომის პაპთან, იყო წიგნთსაცავი - ბიბლიოთეკა. მხატვრობის კერა, ადგენდნენ რუკებს (ქრ. კასტელი), იყო სამედიცინო ცენტრიც- მკურნალობდნენ ავადმყოფებს, მოითხოვდნენ ტყვეებით ვაჭრობის აკრძალვას. ერთ დროს აქ გადიოდა რომსა და  კონსტანტინოპოლს მიმავალი გზები, ახლა საცალფეხო ბილიკებიც დაუფარავს დავიწყების ბალახს“. მხარი უნდა დავუჭიროთ მწერალ ვლადიმერ ალფენიძის  წინადადებებს, რომ წიფურიამდე გაყვანილ იქნეს გზა, ნანგრევები გასუფთავდეს ეკალბარდებისგან, აღიმართოს მემორიალური სვეტი.
პირველ რიგში კი საჭიროა წიფურიას ეკლესიის ნანგრევებთან ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები. ვფიქრობთ, რომ გათხრები გამოავლენს ჩვენთვის საინტერესო ახალ მასალებს, შუქს მოჰფენს ამ კუთხის წარსულს.
დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ წიფურიას კულტურის კერად გადაქცევას ხელი შეუწყო მე-17 საუკუნის ცნობილმა მწიგმობარმა, დიპლომატმა, საელჩო მჭერმეტყველების დიდოსტატმა ნიკიფორე ირბახმა (ჩოლოყაშვილმა). შარდენს წიფურიასთან ერთად დასახელებული აქვს საბათარის ციხე სოფელ თაგილონში წიფურიას ჩრდილოეთით ორ კილომეტრზე, სადაც არის ძველი ციხის ნანგრევები. დიუბუა დე მონპერეს აღნიშნული აქვს, რომ თაგილონთან, იქ სადაც ენგური ორად იყოფა 1832 წელს აშენდა ათანგელოს ციხე, რომლის ნაშთებიც ამჟამად უცნობია.
სამურზაყანოში დღემდე მოაღწია ხალხში გავრცელებულმა გადმოცემამ სოფელ რეფის ტერიტორიაზე ხუმენის ტყეში (ამჟამად ტყე გაკაფულია, ჭაობი ამოშრობილია) ქალაქის არსებობის შესახებ, რომელიც ძლიერი გვალვის და ხანგრძლივი წვიმების გამო ჭაობში ჩაძირულა და ეს ადგილი ტყეს დაუფარავს. სიტყვა „ხუმენი“ დღესაც გაუვალია, ხშირი ტყის სინონიმია სამურზაყანოში. მიუთითებენ აგრეთვე სოფელ მზიურის ტერიტორიაზე ქალაქის ყოჯელის  (ხოჯელი) არსებობას. აქ ამავე სახელწოდების მდინარის ნაპირას კერამიკის უამრავი ნაშთის არსებობა ძველ ნასახლარზე მიუთითებს. მომავალში აქ უნდა ჩატარდეს არქეოლოგიური გათხრები.
გარდა ამისა, ისტორიული სამურზაყანოს ტერიტორიაზე ჩვენს დრომდე მოაღწია შუა საუკუნეების მეტნაკლებად დაცულმა საკულტო თუ თავდაცვითმა ნაგებობებმა ქალაქ გალში, ღუმურიშში, მუხურში, ოქუმში, რეჩხო-ცხირში, ფიჩორში და სხვა. შუა საუკუნეების სამურზაყანოში ამდენი ციხე-სიმაგრეების და კოშკების არსებობა იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს არც ისე მშვიდობიანი ცხოვრება ჰქონიათ ენგურსა და ღალიძგას შორის მცხოვრებთ.
არქ. ლამბერტის რუკაზე, სხვაგანაც აღნიშნულია ეკლესიები და კოშკები, მაგრამ ამჟამად მათი არსებობის ნაშთები არ ჩანს. მეცნიერ-მუშაკი ნ. კილანავა არქ.ლამბერტის რუკის განხილვისას გამოთქვამს ვარაუდს თუ სად უნდა ყოფილიყო აგებული შეშელეთის ეკლესია.
ლამბერტის რუკაზე თანამედროვე გალის რაიონის ფარგლებში მდ.ენგურსა და ერისწყალს შორის აღნიშნულია 12 ეკლესია, მდინარე ერისწყალსა და მდინარე ოქუმს შორის 6 ეკლესია, ხოლო ოქუმსა და მდ. ღალიძგას შორის 10 ეკლესია, სულ 28 ეკლესია. ამ ეკლესიებიდან მეტნაკლებად შენახულად დღემდე მოაღწია ბედიის, წიფურიის, წარჩის, გუდავის, რეჩხის, ჭუბურხინჯის (ზენის) ეკლესიებმა, მოსაძებნი და შესასწავლია თანამედროვე გალის, ფიჩორის, გაგიდის, განახლების, ნაბაკევის, ბარღების, სიდის, აჩიგვარის მიდამოების ეკლესიები, რადგან ლამბერტის რუკა, მიუხედავად მცირეოდენი შეცდომებისა, ფრიად სანდოა და მას მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის ტოპონიმიკისათვის პირველ წყაროს მნიშვნელობა აქვს.
ამჟამად მთავარია ამ ძეგლების შესწავლა და მათი დაცვა. დარწმუნებული ვართ, კვლევა-ძიება აღმოაჩენს ახალსა და საინტერესო ძეგლებს, რომელნიც უკეთ გააშუქებენ რაიონის ისტორიულ წარსულს.

გალის რაიონის ისტორიული გეოგრაფიისათვის

ისტორიული გეოგრაფია მნიშვნელოვან  წყაროს  წარმოადგენს ქვეყნის, მხარის, რაიონის ისტორიის შესასწავლად, ტოპონიმიკის  გარეშე შეუძლებელია ისტორიული გეოგრაფიის შესწავლა. ჩვენ გამოვიყენეთ ვახუშტი ბაგრატიონის, არქანჯელო ლამბერტის, ქრ. კასტელის, ჟ’ შარდენის, და სხვათა შრომები, სადაც მოხსენებულია სამურზაყანოში შუა საუკუნეების ქართული გეოგრაფიული სახელწოდებანი. ამ სახელწოდებებითაც დასტურდება, რომ რაიონი თავიდანვე ქართული იყო და არა აფხაზური, როგორც ამის  დამტკიცება სურთ აფხაზ სეპარატისტებს. ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე საუბრისას ჩვენ დავასახელეთ შუა საუკუნეების ტოპონიმები: ზიგანეონი, ბედია, ფშაური, ილორი, წარჩე, ღუმურიში, სათანჯო, ბარბალეს ეკლესია, ჩხორთოლის ციხესიმაგრეები, ოცარცე, ჭუბურხინჯის კოშკები, წიფურია, ათანგელო, საბათარის ციხე-სიმაგრე და სხვა.
განსაკუთრებით ვეყრდნობით არქანჯელო ლამბერტის ცნობებს, მის რუკას. 
გალის რაიონის სოფლების სახელწოდებანი, თუ არ მივიღებთ მხედველობაში საბჭოთა ხელისუფლების დროს გადარქმულ სახელწოდებებს მზიურ-ცხირო-გალი და განახლება-ოკვინორე ყველა ისტორიულია, სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით რა დროიდან ეწოდება სოფლებს ეს სახელწოდებანი, ან რას ნიშნავს ისინი, მაგრამ მათი სიძველე საეჭვო არ არის, ამიტომ ისტორიული გეოგრაფიისათვის მასალა მოცემული გვაქვს სოფსაბჭოების მიხედვით. შესავალშივე აღნიშნული გვაქვს, რომ  გალის რაიონში შედის 1 სამოქალაქო  (გალი) და 24 სასოფლო საბჭო.
ქალაქი გალი.
არქ. ლამბრეტის რუკაზე (1654 წ) გალს გოგიელი ეწოდება, სანამ სამურზაყანოს ცენტრი  გახდებოდა ეწოდებოდა სოფელი მეორე გალი. 1931 წლიდან რკინგიზით შეურთდა თბილისს. 1932 წლიდან ქალაქია. რელიეფი: მთავარი გზატკეცილის ჩრდილოეთით გორაკ-ბორცვიანია და ვაკე, გზატკეცილის სამხრეთით ვაკე, დასავლეთით ესაზღვრება მდინარე ერისწყალი. ძირძველი გვარებია: ბასარია, ჭანტურია, ზუხბაია, ზაქარაია, კვეკვესკირი, შონია, უბილავა, მარღანია. შემორჩენილია შუასაუკუნეების კოშკის ნანგრევები.
სამურზაყანო
. ამჟამად გალის რაიონი, მოხსენებული აქვს  ფრ. დიუბუა დე მონპერეს, ნ. დადიანს, სამურზაყანოს სამფლობელოს ჩამოყალიბებიდან 1840 წლამდე სამურზაყანოს ცენტრი იყო სოფელი ბედია, 1840-1906 წლებში სოფელი ოქუმი, 1906 წლიდან გალი. 1925 წელს სამურზაყანოს მაზრა შეიცვალა გალის მაზრით, 1929 წელს- გალის რაიონით.
აჩიგვარა - სოფლები: ტიგონი, ფუწყური, ბულიშიხინჯი, ოხურეი, გუდავა.  მე-18 საუკუნემდე სოფელს ეწოდებოდა სუბეიში (სუბვი), რომელიც მდებარეობდა თანამედროვე აჩიგვარის დასავლეთით, ანარიასთან. წყაროებში მითითებულია „სუბეიშის სასახლე“, აღნიშნულია ლამბრეტის რუკაზე.  სუბეიში მოხსენებულია „აფხაზეთის საკათალიკოზო გლეხების დიდ დავთარში.“ რელიეფი - ვაკე,  ჩრდილოეთ ნაწილში - გორაკ-ბორცვიანი. მდინარე ოქუმის წყალი. საინტერესო ტოპონიმია „მაფაში წყურგილი“ (დედოფლის წყარო). უკანასკნელ წლებში აფხაზებმა აჩიგვარა აჩგუარად შეცვალეს. გვარებია: კვარაცხელია, შონია, ესართია, ოთხოზორია.
ზემო ბარღები - სოფლები: ეწერი, საშამუგიო, საბუთბაიო.
ქვემო ბარღები - სოფლები: თუდონ ბარღები, ბოკვეთი, ფიცარღალი.
ბარღები ორია: ზემო და ქვემო ბარღები. „ბარღებს“ აღნიშნულია ა. ლამბერტის რუქაზე. ადგილობრივი მკვიდრის ა. ზუხბაიას ცნობით „ბარღები“ მეგრული ტოპონიმია და ნიშნავს ადგილზე დაბანაკებას. არქ. ლამბერტის რუქაზე ბარღები ძლიერ ახლოსაა ზღვასთან, რელიეფი - ვაკე (დაბლობი). მდინარეები: ხუმუშქური, სიდა, ქირი.
გვარები ზემო ბარღებში: შამუგია, ბუთბაია, შარია, შონია, მირცხულავა, რიგვავა, ზუხბაია, წურწუმია.
ქვემო ბარღებში: ცობეხია, გოგოხია, პაპასკუა, ტურავა, ჩაკაბერია, გელანტია, კიკალია.
ბედია - პირველი ბედია, მეორე ბედია. სოფლის ცენტრალურ ნაწილს, სადაც ტაძარია გური (გული) ბედია ეწოდებოდა. აფხაზებმა მეგრული გური აგუდ შეცვალეს და სოფელს ეწოდებოდა აგუბედია, მეორე ბედიის სოფლებია: ბედია, ფშაური, სახახუბიო.
რელიეფი გორაკ-ბორცვიანი, მდინარე ოხოჯე, რომელსაც ზოგი მკვლევარი მდინარე ეგრისად მიიჩნევს. ა. ლეონიდი ოხოჯეს ეგრისს უწოდებს. ბედიის ტაძარში დაკრძალულია მეფე ბაგრატ მესამე და დედამისი გურანდუხტი.
გვარები: ქუჩუბერია, ალანია, ვარდაია, ტყებუჩავა, ხახუბია.
განახლება - სოფლები: ოკვინორე, გაგიდა, დიხაგუძუბა, მეგრულად დიხაგუძუბას უწოდებენ ბრინჯაოს ხანის ყორღანს, ზვინულს განახლების ერთ-ერთი სოფელია გაგიდა. მოხსენებული აქვთ ლამბერტის, დიუბუა დე მოპერს. ლამბერტს აღნიშნული აქვს, რომ გაგიდაში ნიადაგი ისე რბილია, რომ მოუხნავას თესავენ.
1812 წლის 8 იანვარს გიორგი შარვაშიძის წერილში მარკიზ პაულიჩისადმი აღნიშნულია: „ჩემს  მიერ მითითებული ადგილი და ნავსადგური არის გაგიდა. გაგიდას მხარეში იწყება ჩემი სამფლობელო“. გავრცელებული გვარებია: ზანთარაია, ფაცაცია, კახიანი, ლაგვილავა.
გუდავა-ზღვისპირა სოფელი. სოფლები: პირველი გუდავა, მეორე გუდავა, ოხურეი, ანარია. გუდასი მოხსენებული აქვს ლამბერტის, დიუბუა დე მოპერს, ნ. დადიანს. ლამბერტის დასახლებული აქვს გიობაწყარი - თანამედროვე ჯოყობაწყარი, დიუბუა დე მონპერეს - მდინარეები: გუდავა ცორიკა. რელიეფი - ზღვის-პირა  დალობი, მდინარე ოქუმის წყალი, ერისწყალი. მეცხრამეტე საუკუნეში გუდავა ნავსადგური იყო.
საუკუნეზე მეტია გუდავა არ არის საზღვაო პორტი, გუდავსთან უერთდება ენგურჰესის არხი ზღვას. იქ გაშენდა სამრეწველო დაბა პიმორსკი. გვარები: მარღანია, გიგავა, შონია, გეგეჭკორი.
დიხაზურგა. სოფელს აქვს მეგრულ-ქართული სახელწოდება. დიხა-მიწა, ზურგა-ზურგი, სოფლები: ზენი, ოცარცე, დიხაზურგა. აღნიშნული გვაქვს  დიხაზურგის სიძველენი: რელიეფი ზენსა და ოცარცეში- ვაკე, საკუთრივ დიხაზურგაში გორაკ ბორცვიანი.
სოფელს აღმოსავლეთით უვლის მდინარე ენგური. გავრცელებული გვარებია: ზაქარაია, მარღანია, გამსახურდია, გვაგვილია.
ერისწყალი. მდინარე, გამოდის ერისმთიდან, ამიტომ ეწოდა ერწყერი - ერის წყალი. არიენე უწოდებს სინგამეს, ლამბრეტი - ჰეტიწყირს, ვახუშტიბაგრატიონი-დადისწყალს, ა.ლეონიდი-დადისს.
თაგილონი. მდებარეობს ენგურის მარჯვენა მხარეზე, რელიეფი-ვაკე, აღმოსავლეთით უვლის მდინარე ენგური, სოფლები: თაგილონი, სალხინო. თაგილონში მდებარეობს წიფურია, საბათარის ციხე-სიმაგრე, წამხარი, ათანგელო. ნაპოვნია ანტიკური დროის „თაგილონის განძი“. სოფელი წამხარი არქ. ლამბერტის რუქაზე ამხარი დასავლეთით ძლიერ დაშორებულია ენგურს. გვარცელებული გვარებია: შარია, ჯოლოგუა, შონია, ბოკუჩავა.
ენგური. მდინარე გალის რაიონის აღმოსავლეთით, საზღვარი ზუგდიდსა და წალენჯიხის რაიონებთან. მეგრულად მდინარეს ინგირი ეწოდება. ზოგიერთი მკვლევარი მას მიიჩნევს ეგრისად, არიან მდინარე ხობოს უწოდებს. აფხაზურად მდინარეს ეგრი ეწოდება.  გალის რაიონში მდინარზე აგებულია ელექტროსადგური ენგურჰესი. იყენებდნენ სარწყავდ. დიდი როლი ითამაშა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წლებში.
ლეკუხონა. სახელწოდება დაკავშირებულია ხის ჯიშის ლეკუხის სახელთან. სოფლები: ლეკუხონა, ლეჭარაიე, ჟირიღალი შქა: შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია. რელიეფი- გორაკ-ბორცვიანი, აღმოსავლეთით-ვაკე. სოფლის აღმოსავლეთით მდინარე ენგურია. გვარები:ქობალია, შონია, კვარაცხელია, ფიფია. მორე ბედია კულტურის ძეგლები აღნიშნული გვქვს.
რელიეფი- გორაკ-ბორცვიანი. გვარები:გვარამია, ქუთელია, გურგულია.
მზიური. ყოფილი ცხირო-გალი. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და  სამხრეთით ესაზრვრება ქალქა გალს. სოფლები: ცხირო-გალი, პატრახუწა, შაშიკვარა, მახუნჯია. ისტორიული მნიშვნელობის ზეგლები უცნობია, რელიეფი ჩრდ.  ნაწილში გორაკ-ბორცვიანი, სამხ. ნაწილში ვაკე. გავრცელებული გვარები: შენგელია, ბიბლაია, დარსანია, კვეკვესკირი, ჯგერენაია, ნაყოფია, ყოლბაია, ლაკირბაია.

მუხური - სოფლები: პირველი შეშელეთი, საბულისკერიო, მუხური. მუხური „სოფელი აზნაურების შვილებითა“ მოხსნებულია „ბიჭვინთის იადგარში“ აზნაურის გვარის არავინ არ ცხოვრობს ამჟამად მუხურში, უკანასკნელ წლებში ცხოვრობდა თავადი ანჩაბაძის რამდენიმე ოჯახი. შემორჩენილია შუა საუკუნის კოშკის ნანგრევი. რელიეფი-ვაკე, მდინარე ოქუმის წყალი. გვარები: ბულისკერია, შარანგია, ქვაჩახია.
ნაბაკევი - სოფლები: ზენი, ეწერი, ნაბაკევი. არქ.ლამერტის რუკაზე სოფლის ნაბაკტი ეწოდება, ლამბერტი ნაბაკევში დღევანდელ სოფელ გაბარს - გადარს  უწოდებს. ენგურის პირა სოფელს სადაც იყო შარვაშიძეთა სასახლე ბარბარე ეწოდებოდა, ამჟამად ხურჩა ეწოდება. გვარები: თორია, ეხვაია, ქარდავა, ბერაია.
ოტობაია-სოფლები: მეორე ოტობაია, ვეშკუდელი, ოკვინორე, ზარწუფა, რამი, ქვიშონა.
მე-17 საუკუნეში ოტობაიას რომლის სახელსაც ტბას-ტობას უკავშირებენ, ნაჟანეული ეწოდება. ნაჟანეული ცნობილია ნაჟანევის სახელწოდებით.
გავრცლებეული გავრებია: გამისონია, ქირთიბაია, ძაძუა, ალფენიძე, დგებუაძე და სხვა.
ოქუმი. სახელწოდება დაკავშირებულია მცენარის სახელთან ქუმ-სელი. სოფლები: აგვავურა, ოქუმი, სამელაიო, საბულისკერიოა. ოქუმის ჩრდ. ნაწილი გორაკ-ბორცვიანია, სამხ. - ვაკე, სოფელში გადის მდინარე, ხოლო სოფელი ოქუმი პირველად მოხსენებულია აქვს რენგესს. 1808 წელს აქ შედგა წებელდელ თავად მარშანიათა და სამეგრელოს მთავრის წარმომადგელნელთა შეხვედრა. შემორჩენილია შუა საუკუნეების კოშკი და გვიან შუა საუკუნეების ეკლესია. 1840-1906 წლებში ოქუმი იყო სამურზაყანოს ადმინისტრაციული ცენტრი. სოფელში არის ელექტროსადგური და ჩაის ფაბრიკა. თუ რამდენად უცხო იყო სამურზაყანოს რუსი ადმინისტრატორები ხალხისათვის, ჩანს ჩვენს მიერ ოქუმში ჩაწერილი ერთი ლექსიდან (მთქმელი ეფრემ ცხაკაია):
        „ჩქინ ნაჩალნიკი ნალამკუ
         ოშმეში ნოჩე ძალამი ტკუ,
         მუქ დინახალე, მინილდო
         მა გალე ქელამტუ“
ლაპარაკობს სათხოვარზე მისული გლეხი, უფროსმა რომ აივანზე დატოვა. გვარები: ბულისკერია, მელაია, ცაცუა, შამათავა, ზუხბაია, შონია, ქვაჩახია. ოქუმი მდიდარი სოფელი  იყო, მაგრამ აფხაზებმა გაძარცვეს.

პირველი გალი-სოფლებია: სამქუარი, ზემო გალი, ლეკუმხარა, კოხორა.

რეფო-შეშელეთი. ორი სოფელია: რეფი (რეფი-ეწერი, ხუმენი, ნათოფური), შეშელეთი (მეორე შეშელეთი, ხუმუშქური).
რეჩხი-ცხირი. ორი სოფელია რეჩხი (ფართო ღალი, ხოლე) და ცხირი. ორივე ძნელად ასახსნელი ტოპონიმია, სიძველეებიდან შემორჩენილია წკელის კარის ეკლესიის ნანგრევები. ლამბერტით
Tichis მდებარეობის გოგიელის ჩრდილოეთით. აქ ამჟამად სოფელი ცხირია, შეიძლება სოფელი კეიში იყოს. რელიეფი მთა-გორიანია, მდინარეები ერისწყალი და რეჩხი. რეჩხი-ცხირი ცნობილია ქვის ხანის არქელოგიური მონაპოვრებით. გავრცელებული გვარებია: ციკოლია, ჯობავა, კორსანტია, შონია, ინალიშვილი, ნაყოფია.
საბერიო-სოფლები: ნაჯიხური, საბერიო, ფართო ნოხორი, ღვაში გვერდი, შქაში სუკი. ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელწოდება იქ მოსახლე ბერიებთან არის დაკავშირებული, ან ბერებთან. სოფელში ორი თავადური გვარი ცხოვრობდა: ჩქოტუა და შარვაშიძე, ჯუზეპე ჯუდიჩე მინაელი  წერს საბერიოელ ჩქოტუაზე: „ამათგან მოხსენების ღირსია ამ პროვინციის ზოგიერთი შესანიშნავი ბატონი, ჩვენი დიდი კეთილისმყოფელი როსოტმ ჩხოტუა. დედამისი კენჭოვანი სნეულებით იყო დაავადებული, იგი განიკურნა, ბნედა სჭირდა შვიდი წლის განმავლობაში, იგი განვკურნეთ 30 დღეში“ საბერიოში დღემდე მოაღწია მეტნაკლებად დაცულმა შარვაშიძეთა და ჩქოტუათა ეკლესიებმა.
გვარები: მარხულია, ასავნუა, ღვინჯილია, ტორუა, ცაავა, მიქაია, დგებუაძე.
სიდა. არქ. ლამბრატის რუკაზე აღნიშნულია სუდდას სახელწოდებით. აქვე აღნიშნულია პუნქტი ხვითი. ასეთი პუნქტი ამჟამად არ არსებობს. არსებობს ღელე ხვითი
გვარები: შონია, ჯოლოგუა, ჩიკვატია.
ფიჩორი- სოფლები: ნაკარღალი, ფიჩორი, ნაჭკადუ. რელიეფი - ვაკე-დაბლობი. დიდი მდინარე არ არის. ღელეებია, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის იარაღები. უკანასკნელ წლებში მოსკოვმა ააშენა დასასვენებელი სახლები. გვარები: კახიანი, ფაცაცია, შონია.

ღუმურიში - სოფლები: ზემო ღუმურიში, ფართოღალი, ქვემო ღუმურიში. აფხაზები ღუმურიშს აფხაზურ ტოპონიმად თვლიან და გუმრიშს უწოდებენ. ღუმურიში ქართული ტოპონიმია: ღუმუ - მეგრულად ღომი და ურიში სამეგრელოში გავრცელებული ხორბლის კულტურა. რელიეფი ჩრდილოეთით მთიან-გორაკიანი, სამხრეთით ვაკე. მდინარე ოქუმის წყალი. გვარები: ზუხბაია, კაკუბავა, ქვაჩახია, გვილია.
ჩხორთოლი. მეგრული ტოპონიმია და ნიშნავს ცხრათვალას, ქართულ წყაროებში მოხსენებულია მე-17 საუკუნეში აღნიშნულია ლამბერტის რუკაზე. ცნობილია ციხე-სიმაგრეებით, არქეოლოგიური მონაპოვრებით. გვარები: სირგინავა, კიკორია, ზუხბაია, ქუარანძია, ფაჩულია, ზარაქუა.
წარჩე-სოფლები: ნახინგუ, წარჩე, ფშაური, ფუწყირი. ცნობილია შუასაუკუნეების ძეგლებით- ეკლესიებითა და ციხე-სიმაგრეებით. ნაპოვნია ქვის ფილა ქართული წარწერი, ცნობილია ქართული ოქრომჭედლობის ძეგლი - წარჩის ხატია, რელიეფი - გორაკ-ბორცვიანი, მდინარე წარჩე ანტიკური დროის ტასურა. გვარები: შონია, ალანია, ბეკვერია, არდბელავა.

ჭუბურხინჯი. მეგრულად ნიშნავს წაბლის ხიდს, გადებული იყო ღელე ბაბაშიაში ღალზე. სოფელი: ზემო ჭუბურხინჯი, პირველი აკვაღა, მეორე აკვაღა, ჭყონხუმლა. სოფლის ერთ უბანს ნალიმა ეწოდება, რაც მეგრულად  ნაომარს ნიშნავს. ჭუბრხინჯში ტარდებოდა ოთხთა შეხვედრა აფხაზურ-ქართულ კონფლიქტის დროს. აქ ხვდებოდა ერთმანეთს ქართველთა, აფხაზთა, გაეროს და რუსეთის წარმომადგენლები. გვარები: ყოლბაია, ცაცუა, ძანძავა, აქირთავა.

არქ.ლამერტის რუქაზე წიფურიას ჩრდ.  თანამედროვე  ჭუბურხნიჯის ტერიტერიოაზე აღნიშნულია სოფელი გენათი. ქრ. კასტელი წერს: „გენათი ისეთი სოფელთაგანია, სადაც ბევრ ღვინოს აყენებენ... ჩვენ რეზიდენციის სეპიასაგან ოთხ მილზე მეტადაა დაცილებული. ხშირად მივდივართ ამ მხარეში სამკურნალოდ და ბავშვების მოსანათლად“
ლამბერტის რუკაზე მდ. ენგურისა და მდ. ღალიძგას შორის ოთხი მდინარეა აღნიშნული: ენგური, ჰეტიწყარი, ოქუმი და ეხალისი. აქვე შევნიშნავთ: ოქუმი შესართავთან ტარსურას სახელწოდებითაა აღნიშნული. ერისწყლის შესართავი რუკის ავტორს არასწორად აქვს მოცემული. იგი ზღვას გაგიდის  აღმ. კი არ ერთვის, არამედ დას. სოფელ გუდავს ტერიოტორიაზე. თანამედროვე ილორთან მდინარის შესართავი, ე.ი მდინარეც რუკის ავტორს ეხალისად აქვს აღნიშნული. ამ მდინარეზე წიგნის მთარგმნელი შენიშანავს, რომ „ეგრისი თუ არის“ ჯერ ერთი ეხალის უფრო ღალიძგა უახლოვდება, ვინემ ეგრისს და მეორეც - ზღვიდან საკმაოდ დაშორებით, ამ მდინარის მარჯვენა ნაპირზე არის დასახლებული პუნქტი „ეხალისგას“ ე.ი ხალისგა- ღალიძგა.
ლამბერტის რუკაზე მრავალი პუნქტია აღნიშნული, რომელთა გეოგრაფიულ სახელწოდებას ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. თანამედროვე ჭუბურხინჯის ტერიტორიაზე აღნიშნულია გემაიტი, სუგიონი, სათანჯოს ჩრდ-აღმ. ენგურის მარჯვენა ნაპირს მდინარე ერისწყალსა და მდ. ოქუმს შორის ჩიამური, ოქუმსა და ღალიძგას შორის იეგონი, ნაუგილერსი, ამპერსალი, ლიმნი და სხვ.   გეოგრაფიული სახელწოდების შესწავლამ შეიძლება შესაძლებლობა მოგვცეს განვსაზღვროთ ამჟამდ ჩვენთვის უცნობი მე-17 საუკუნის დასახლებული პუნქტების სახელწოდებანი და მათი მდებარეობა.


სახელოვანი შვილები

გალის რაიონმა ბევრი შესანიშნავი ადამიანი მისცა სამშობლოს: სახელმწიფო მოღვაწეები, გამოჩენილი მეცნიერები, ხელოვნების, ლიტერატურის, კულტურის ცნობილი ოსტატები.
სამურზაყანოს პირველი ინტელიგენტები მე-19 საუკუნის 20-იან წლებში რუსეთის არმიის ოფიცრები იყვნენ: პორუჩიკი ტემურყვა ანჩიბაძე (მან ფრ. დიბუა დე მონპერეს ცნობით, მიიმხროძოდა) ტემურყვა ანჩიბაძის ძმა ტადა,ზურაბ ანჩიბაძე და სხვა.
თავადაზნაურთა წრიდან იყვნენ პირველი მასწავლებლები: ოქუმელმა გრიგოლ ემუხვარმა პედაგოგოიური მუშაობა დაიწყო 1870 წელს, მუშაობდა ოქუმის, დიხაზურგის, ოჩამჩირის სკოლებში. ბედიის მკვიდრი გრიგოლ შარვაშიძე (1853-1919) 1873 წლიდან მასწავლებლად მუშაობდა ბედიის სკოლაში, 1881 წლიდან ოქუმის სკოლაში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ბესარიონ ინალიშვილმა (სოფ. რეჩხიდან) 1874 წელს დაიწყო მუშაობა მეორე მასწავლებლად
მე-19 საუკუნის II ნახევრის სამურზაყანოს მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის სამასწავლებლო სასწავლებელდამთავრებული ალექსი მიხეილის ძე ემუხვარი (გარდაიცვალა 1915 წელს). იგი სისტემატიურად აქვეყნებდა მეტწილად ეთნოგრაფიული შინაარსის სტატიებს იმდროინდელ ქართველ და რუსულ გაზეთებში. განსაკუთრებით საინტერესოა სტასტია ,,სამურზაყანოელთა ცრურწმენა."
(1873 წ.) ა. ემუხვარის სტატიები ეხება აგრეთვე აფხაზეთის ეკონომიკის, განათლების საკითხებს.
ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარია დამთავრებული, უფროსი მასწავლებელი ბესარიონ ემუხვარი 1891 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საბერიოს ერთკლასიან და ოქუმის ორკლასიან სკოლაში. სამურზაყანოს პირველი მასწავლებელი ქალი ვერა ხერიპსის ასული ინალიშვილი 1900-იან წლებში პედაგოგოიურ მოღვაწეობას ეწეოდა მშობლიურ სოფელ რეჩხში.
სამურზაყანოელმა დავით ანჩაბაძემ 1871 წელს კანდიდატის ხარისხით დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. რამდენიმე წელიწადს იყო ცნობილი იურისტის პროფესორ ვ. სპასოვიჩის თანაშემწე. 1877 წლიდან სანკტ-პეტერბურგის საოლქო სასამართლოს პალატის ნაფიცი ვექილი, შემდეგ გადმოდის საქართველოში, მუშაობს ჯერ ქუთაისში, შემდეგ თბილისში ილია ჭავჭავაძის მიწვევით თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში".
გენერალ-მაიორი მალაქია (ყარამან) მარღანია (1859-1918) სოფელ გუდავადან იყო. ხანგრძლივად მუშაობდა თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში. წერდა სამხედრო შინაარსის შრომებს. სოფელ ცხირო გალიდან იყო პოლკოვნიკი ანდრია მიხელის ძე ლაკირბაია, მოკლეს 1916 წელს კავკასიის ფრონტზე.
  რევოლუციამდე სამურზაყანოში სასარგებლო მოღვაწეობას ეწოდა პეტრე ანჩაბაძე. (1869-1928) სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ-ეკატერინოგრადის (ამჟამად კრასნოდარის) სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. სწავლის დამთავრების შემდეგ ბრუნდება  მშობლიურ სოფელ ოტობაიაში და ეწევა სოფლის მეურნეობას. მან შემოიტანა პირველად სამურზაყანოში სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები, გახსნა სახელოსნოები, საკუთარი მიწა უფასოდ გადასცა უმიწაწყლო გლეხებს.1891 წელს პ. ანჩაბაძის ინიციატივით ოტობაიაში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, მამია გურიელთან. პირადი მეგობარი იყო პოეტ გიორგი შერვაშიძისა.
მასწავლებელმა ხ.ზანთარიამ პ. ანჩაბაძის სახლში იპოვა გიორგი შერვაშიძის თხზულებანი და გადასცა აკად. ს.ჯანაშიას.
XIX საუკუნის 90-იან წლებიდან XX საუკუნის პირველი ათეული წლის ბოლომდე სამურზაყანოში მოღვაწეობდა ცნობილი რევოლუციონერი სპრიდონ ნორაკიძე. იგი ხე-ტყის სახერხი ქარხნების მუშებს, გლეხობას მოუწოდებდა რევოლუციური ბძოლისაკენ.
ხალხს დღემდე ახსოვს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის სამურზაყანოს მოწინავე გლეხების შესანიშნავი წარმომადგენლების: პეპუ ზუხბაიას, გვარდღი ძაძუას, ძაღუ ბოკუჩავას სახელები. ისინი აქტიურად იბრძოდნენ მემამულეთა ძალმომრეობისაგან გლეხების გასანთავისუფლებლად, რეფორმის შემდგომ პერიოდში გლეხებისთვის მიწების შესანარჩუნებლად. სამურზაყანოს ფოლკლორის, ეთნოგრაფიის შენასიშნავი მცოდნე იყო თვითნასწავლი გლეხი დიხაზურგელი ბეგი გამსახურდია. მასთან სასაუბროდ, მისგან ცნობების მისაღებად სამურზაყანოში ჩამოსულან. დიხაზურგაში ბეგი გამსახურდიას ეზოში სამასწლოვანი ცაცხვის ქვეშ მჯდარან ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი, უფრო გვიან ეთნოგრაფი სერგი მაკალათია.
პეტრე გიორგის ძე ჭარაია-ცნობილი ქართველი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე. რევოლუციის წინახანებში წლების მანძილზე მასწავლებლად მუშაობდა გალის ორკლასიან სასწავლებელში.
პირველი სამურზაყანოელი ინჟინერი რაჟდენ ივანეს ძე კაკუბავა (1873-1941) 1899 წელს შევიდა პეტერბურგის გზათა მიმოსვლის ინსტიტუტში. კურსის დამთავრების შემდეგ დატოვებული იქნა იქვე ასისტენტად. მაგრამ ჩქარა მიიწვიეს აფხაზეთში, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე. მას დიდი წვრილი მიუძღვის აფხაზეთში გზებისა და ხიდების მშენებლობაში.
 აფხაზეთში პირველი სწავლული მეტყევე-ინჟინერი ალექსი ვასილის ძე გამისონია (1871-1951) 1906-11 წლებში სწავლობდა პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტში. ალ. გამისონიას დიდი წვლილი მიუძღვის აფხაზეთში ტყის მოშენებისა და დაცვის საქმეში.
იურისტი გრიგოლ მათეს ძე ზუხბაია (1879-1952) დაიბადა სოფელ ღუმურიშში. 1903 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იქვე დატოვეს ასისტენტად. როგორც ნაფიცი ვექილი, მუშაობდა სასამართლო პალატაში მოსკოვსა და თბილისში. 1911 წლიდა მოღვაწეობდა სოხუმში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი იყო სოხუმის ქალაქის საბჭოს პირველი თავ-რე. გრ. ზუხბაია ა. ჭოჭუასთან და ა. ჩუკბართან ერთად მონაწილეობდა იმ დელეგაციაში, რომელმაც თბილისში კავკასიის მეფისნაცვალს ი. ივორონცოვ-დაშკოვს სთხოვა „მოეხსნა ბრალეულობა აფხაზეთის მოსახლეობისთვის".
ივანე კონსტანტინეს ძე გეგია (1860-1940) დაიბადა სოფელ ოქუმში. იგი იყო შესანიშნავი პედაგოგი, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი და პოეტი. მან (1890) წელს თბილისში გამოსცა ,,ლექსთა კონა" მისი ლექსები იბეჭდებოდა იმდროინდელი ქართულ პერიოდულ პრესაში, აგრეთვე ,,ქართველი პოეტების კრებულებში"(1890), „ქართული პოეზიის ნიმუშები"(1898). ქართულ გაზეთებში იბეჭდებოდა მისი საინტერესო სტატიები სამურზაყანოს ცხოვრებიდან. აღნიშნული გვაქვს, რომ ივ. გეგიას მიერ დაარსებული ოქუმის თეატრალური დასი ქართულ წარმოდგენებს მართავდა სამურზაყანოს სოფლებში, აგრეთვე ზუგდიდსა და ოჩამჩირეში.
1905 წლის რევოლუციის აქტიური მონაწილეა ოქუმის სკოლის მასწავლებელი პლატონ ემუხვარი. ის ხელმძღვანელობდა ,,წითელი ასეულის" მებრძოლთა რაზმს, რომელსაც ოქუმსა და გალში ბევჯერ ჰქონდა შეტაკება მეფის ადმინისტრაციასთან. იგი იყო ,,სამურზაყანოს რესპუბლიკის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
 სოფელ ოქუმიდან იყო, 1918 წელს ამიერ-კავკასიის  მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქათველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.
ოქუმის მადლიან წიაღში ბავშვობის წლები გაატარა და დიდი სიყვარულით იგონებს სოხუმის ცნობილი ექიმი და მხატვარი ვანო ერქომაიშვილი, რომლის ბინას ამშვენებდა საკუთარი ნამუშევრების-სურათების გალერეა.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ოქუმელ დეკანოზს დავით მაჭავარიანს სასახელო შვილები დარჩა, მათი მემკვიდრეები დღესაც ცხოვრობენ თბილისსა და სოხუმში. მათ შორის კონსტანტინე მაჭავარიანმა თავის მოწაფე დიმიტრი გულიასთან ერთად შეადგინა აფხაზური ანბანი, შთამომავლობას დაუტოვა აფხაზეთის, სოხუმის შესახებ საინტერესო  შრომები. ამავე დროს კონსტანტინე მაჭავარიანი არის აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ოქუმში გაზრდილი კაცი, სადაც ერთი აფხაზიც არ ცხოვრობდა, აცხადებდა, რომ სამურზაყანოს მოსახლეობის უმრავლესობა აფხაზებია, რომ სამურზაყანოელებს არა აქვთ უფლება მეგრელებს მიაკუთვნონ თავი, რადგან ისინი აფხაზებია. აფხაზი სეპარატისტი ისტორიკოსები (აშხაცავა, ბასარია) ხშირად ეყრდნობოდნენ კ. მაჭავარიანის შრომებს.
 გალის რაიონის წარმატებებისათვის, მშრომელთა კეთილდღეობისათვის წლების მანძილზე აქტიურად იბრძოდნენ რესპუბლიკის, რაიონის ხელმძღვანელი მუშაკები: ნიკოლოზ სვანიძე, იასონ ხაბურზანია, ანტიფო ჭეჟია, ლავრენტი ქურსუა, მოსე ხვიტია, ვარლამ ქეძბაია, მიხეილ ცატავა, ვალერიან ჯიქია,ხუტა გერგედავა, დამიანე გოგოხია, აკაკი ძაძუა,ხუტა ტუფურია, ვიანორ კოკაია, ამირან ქავთარაძე, ლეონიდ რიგვავა, ბაკურ გულუა, ვაჟა ეზუგბაია, ოთარ ზუხბაია, ლეო ხაბურძანია,ნიკოლოზ თოდუა, შოთა შარანგია, ლავრენტ ქვაჩახია, მურმან ჭედია და სხვა.
 1931 წლის 14 ნოებრიდან გამოდის საქართველოს კპ გალის რაიკომის და სახალხაო დეპუტატის გალის რაიონული საბჭოს ორგანო სხვადასხვა სახელწოდებით. ამ გაზეთის რედაქტორებად მუშაობდნენ: აკაკი გაგუა, ივანე შამუგია, კალისტრატე დგებუაძე, ავქსენტი ხასაია, მირიან ხასაია, ლეონტი შენგელია, ვასილი გობეჩია, ვალერი გელანტია, ნატო კორსანტია.
არათუ გალის რაიონი, მთელი საქართველო მუდამ იამაყებს თავისი სახელოვანი შვილის, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მსოფლიოში ცნობილი მათემატიკოსისა და მექანიკოსის, სსრკ სახელმწიფო და ლენინური პრემიების ლაურეატის ილია ნესტორის ძე ვეკუას (1907-1977) სახელით. იგი დაიბადა და აღიზარდა გალის რაიონის სოფელ შეშელეთში. მშობლიურ სოფელთან სახელოვან მეცნიერს  მჭიდრო კავშირი ჰქონდა სიცოცხლის ბოლომდე. სოფელ შეშელეთში 1985 წელს გაიხსენა ი. ნ. ვეკუას მემორიალური მუზეუმი.
ისტორიული მატრიალიზმის, ლოგიკის, ეთიკის, ესთეთიკის, ათეიზმის, გამოყენებითი სოცილოგიის, ფსიქოლოგიის პრობლემებზე მუშაობდნენ გალის რაიონის მკვიდრნი - მეცნიერები: პეტრე შარია, ვენორ ქვაჩახია, გიორგი ვეკუა, მამია ყოლბაია, საქართველოში ოტორინოლარობოლოიის  განვითარება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტის პროფესორ არჩილ ჩარგეიშვილის მეცნიერულ და პრაქტიკულ მოღვაწეობასთან. ფიზიკური გეოგრაფიის დარგშიმუშაობდა სოხუმის სახელმწიფი უნივერსიტეტის პროფესორი შოთა ლაშხია. აქვე მოღვაწეობს ეკონომიკის კათედრის გამგე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი რ. ხარებავა. მნიშვნელოვან მეცნიერულ კვლევით მუშაობას და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდნენ და ეწევიან თბილისის უმაღლეს სასწავლებში პროფესორები, მეცნიერებთა დოქტორები: გრიგოლ გამსახურდია, ლეო ხაბურძანია, პლატონ კოღონია, ილია მიქაძე, ნოდარ ემუხვარი, გურამ ტურავა, ოთარ მარშავა, ქეთევან სურმავა, მეცნიერ-მუშაკი, არმიის ქირურგი იური გეგეჭკორი. დოცენტები: არნოლდ ბასარია, ბეჟან და კოტე კილანავები. ნაყოფიერ კვლევით მუშაობას ეწეოდნენ  მედიცინის მეცნიერები დოქტორი შოთა ჯღამაძე, სამამულო ომში დაღუპული თეოპანე შარია, გენერალი ვალერი ნაყოფია.
გალის რაიონიდანაა ცნობილი ქართველი მწერალი ვლადიმერ ალფენიძე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პოეტი მირიან მირნელი (ციკოლია), პოეტი მურმან ჯგუბურია, პროზაიკოსი ზურაბ ნაყოფია, პროზაიკოსი ციალა არდაშელია პროზაიკოსი ზურაბ თორია, გ. ტაბიძის პოეზიის საუკეთესო ნიმუშების რუსულ ენაზე მთარგმნელი ივანე ქვაჩახია, მომღერალი და სიმღერების ავტორი ინოლა გურგულია, კინომსახიობი ნუგზარ შარია, მედიცინის შესანიშნავი წიგნების ავტორი, ექიმი დეა ყოლბაია. მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი თემურ ქეცბაია, მუსიკოსი ალექსანდრე კორსანტია, 1973 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ზურაბ სოტკილავა და სხვა.
გალის რაიონიდან არიან აფხაზეთის რეგიონული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები იროდიონ ქვაჩახია, ვალერიან ზუხბაია, წევრ-კორესპოდენტი გიორგი კვირტია.
ოტობაიელი ზურაბ ტარასის ძე ანჩაბაძე ძლიერ ახალგაზრდა კაცი იყო, სოხუმში რომ გადავიდა საცხოვრებლად. მალე ის სოხუმის ერთ-ერთი პირველი მოქალაქე გახდა. მისი მეუღლე იყო მწერალ შალვა დადიანის და მარიამი (მაშო). საზოგადო მოღვაწე, სოხუმში ყოველგვარი ქართული საქმის (წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ქართული სპექტაკლები და სხვ.) წამომწყები და ინიციატორი. საქართველოსათვის თავდადებული. ტარასის შვილი ექიმი ვიანორ ანჩაბაძე 1923 წლიდან 1937 წლამდე, რეპრესიამდე იყო აფხაზეთის ჯანმრთელობის სახალხო კომისარი (მინისტრი). ვიანორის შვილი არის ცნობილი ქართველი მეცნიერი, მრავალ გამოკვლევათა ავტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოსმეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ანჩაბაძე. ზურაბის შვილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომელი გიორგი ანჩაბაძე. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.
ზურაბ მანუჩარის ძე ჩქოტუას მინჭებული ქონდა გენერალ-მაიორის წოდება. მისი სახელი საკმაოდ პოპულალური იყო მე-19 საუკუნის სამურზაყანოში, რადგან მისი ინიციატივით გაიხსნა სკოლა სოფელ საბერიოში. მანვე გაიყვანა გზა სოფელ ოცარცესა და საბერიოს შორის, გარდაიცვალა 1892 წელს. ზურაბ ჩქოტუას შვილი იყო ცნობილი  ლიტერატორი და მოღვაწე დავით ჩქოტუა, იგი  სწავლობდა ოდესისა და პეტერბურგის უნივერსიტეტში. დავით ჩქოტუა იყო შესანიშნავი პუბლიცისტი, კრიტიკოსი, თანამშრომლობდა 70-იანი წლების პრესაში („დროება", „კრებული", „სასოფლო გაზეთი" და სხვა). ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, იაკობ გოგებაშვილთან.
1879 წელს, როდესაც დავით ჩქოტუა ითვლებოდა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მემკვიდრის გ. მ. შარვაშიძის აღმოსავლეთ საქართველოს მამულების მმართველად, უდანაშაულოდ ცილი დასწამეს მკვლელობაში და მიუსაჯეს 20 წლის კატორღა. საიდანაც დაბრუნდა 1906 წელს, შემდეგ ცხოვრობდა  საბერიოში და გარდაიცვალა 1929 წელს.
რევოლუციამდე სამურზაყანოში ასევე ხალხის პატივისცემით სარგებლობდა ზურაბ ჩქოტუას მეორე ვაჟიშვილი ნიკო, მრავალი საქველმოქმედო საქმის ინიციატორი. ნიკოს ვაჟიშვილი პოლკოვნიკი რაფიელ ჩქოტუა 1918 წელს  საქართველოს მთავრობაში იყო აფხაზეთის საქმეთა მინისტრი. რაფიელის შვილი გიორგი, ცნობილი გეოლოგი, დაიღუპა დიდ სამამულო ომში. რომ დასცლოდა აკადემიკოსი გახებოდა. გიორგის ქალიშვილი ტატა (თამარა) ჩქოტუა გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მუშაობს საქართველო მეცნიერებათა აკადემიის გეოლიგურ ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
 ზურაბ ჩქოტუას მესამე შვილის პოლკოვნიკ სიმონ (მიხეილ) ჩქოტუას ვაჟიშვილი ოფიცერი, გიორგი ჩქოტუა იბრძოდა წითელი არმიის რიგებში, 1921 წელს მე-11 არმიასთან ერთად ჩამოვიდა თბილისში მეფის გენერლისა და პოლკოვნიკის შთამომავალი წითელი არმიის რიგებში იბრძოდა.
მე-20 საუკუნის პირველ ათეულში სამურზაყანოში ყველაზე გავლენიანი  თავადი იყო ოქუმელი მელიტონ ემუხვარი. მისმა უფროსმა შვილმა ბოდღო ემუხვარმა მწერალმა-პუბლიცისტმა, კონსტანტინე გამსახურდიას თხოვნით რუსულ ენაზე თარგმნა მწერლის გახმაურბული რომანი ,,მთვარის მოტაცება" და მოთხრობა „ხოგაის მინდია". საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ბოდღო ემუხვარი 1942 წელს სხვა ქართველ პატრიოტებთან ერთად დააპატიმრეს და პატიმრობაში დაიღუპა.
 მელიტონ ემუხვარის მეორე ვაჟიშვილი აკაკი მეფის ოფიცერი იყო. ის არის პროტოტიპი ლეო ქიაჩელის მოთხრობა "ჰაკი აძბას" მთავარი გმირის უჯუშ ემხასი, ხოლო მელიტონის მესამე ვაჟი გრიგოლ ემუხვარი იყო. პუბლიცისტმა ანტ. კელენჯერიძემ წიგნისათვის მასალების ძებნის დროს საინტერესო ცნობებს მიაკვლია სამურზაყანოელი რევოლუციონერის, სპარსეთის რევოლუციის (1905-1911) აქტიური მონაწილის გიორგი ემუხვარის შესახებ. ეს მასალები მან გაზეთ „კომუნისტში"გამოაქვეყნა. ავტორი წერს: „გიორგი ემუხვარი ნამდვილად გრიგოლ მელიტონის ძე ემუხვარია. წარმოშობით იყო სამურზაყანოდან (გალის რაიონი), სწავლობდა პეტერბურგში გაიტაცა რევოლუციურმა მოძრაობამ და აქტიურად ჩაება მასში, შემდეგ 1908 წელს ქართველ მოხალისე რევოლუციონერ სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფთან ერთად წავიდა სპარსეთში და იქ დაეცა თავრიზისათვის ბრძოლაში. დაღუპვისას ის 21 წლისა იყო ასე რომ, დაბადებული ჩანს 1887 წელს".
ასეთია სამი თავადური ოჯახის ისტორია.
  

3 comments:

  1. თქვენი აზრი გვარი ქეცბაია როდის ჩამოსახლდა სამურზაყანოში?

    ReplyDelete
    Replies
    1. ნახეთ ისტორიის დოქტორ კახა კვაშილავას მონოგრაფია „ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნა - 1840 წელი“ (თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2011 წელი) და იქ მითითებული სხვა ლიტეარტურა, რომელიც ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს.

      Delete
    2. სამწუხაროდ, რედაქტორების ბლოკში გამორჩენილი გყავთ ბატონი მირიან ჭკადუა, რომელიც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გალის რაიონული გაზეთის რედაქტორი. გთხოვთ მისი სახელი და გვარი მირიან ხასიასი შემდეგ ჩაუმატოთ. პატივისცემით გულიადა ჭკადუა.

      Delete